"შეტევა უმაღლეს განათლებაზე" — ამ სათაურით აქვეყნებს საერთაშორისო ორგანიზაცია Scholars at Risk (SAR) (მეცნიერები რისკის ქვეშ) ანგარიშს Free to
Think 2026. ანგარიშში საქართველო დასახელებულია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ხელისუფლებამ მეცნიერებზე, სტუდენტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე შეტევა
განახორციელა. ანგარიშის თანახმად, საქართველოში აკადემიური თავისუფლება შემცირდა Academic Freedom Index-ის ხუთივე ინდიკატორის მიხედვით.

ფოტო: Scolars at Risk

ანგარიშის თანახმად, აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესებულია. უმაღლესი განათლების ავტონომიის დაქვეითების მიზეზად გამოცემა მმართველი პარტიის უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ბოლო ცვლილებებს ასახელებს.

ანგარიშის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებებმა უმაღლეს სასწავლებლებზე კონტროლის ცენტრალიზებით შეზღუდა ცალკეული ინსტიტუტების ავტონომია და პოლიტიკურად მოტივირებული ადმინისტრაციული კონტროლის მექანიზმი უზრუნველყო.

ფოტო: Scolars at Risk

"ქართულმა ოცნებამ უმაღლესი განათლების ცენტრალიზაციისკენ მასშტაბური რეფორმების მეშვეობით გააძლიერა ძალისხმევა, რამაც საჯარო უნივერსიტეტების პროგრამების კონსოლიდაცია გამოიწვია. სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ახალი პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ეს ინიციატივები, განათლების ხელმისაწვდომობაზე სახელმწიფო კონტროლის დაწესებით, ძირს უთხრიდა ინსტიტუციურ ავტონომიას. აკადემიური თავისუფლების ინდექსი (AFI) მკვეთრად დაეცა — 2024 წლის "მეტწილად თავისუფალი" სტატუსიდან 2025 წელს "ზომიერად შეზღუდულ" სტატუსამდე," — ვკითხულობთ ანგარიშში.

შეტევის მთავარ სამიზნედ კი საერთაშორისო ორგანიზაცია ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტს ასახელებს. მათი თქმით, "ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის" პოლიტიკის
ფარგლებში, უნივერსიტეტის პროგრამების 92 პროცენტი გაუქმდა.

"2026 წლის 12 თებერვალს ქართულმა ოცნებამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამების მასშტაბური შემცირება გამოაცხადა. ილიაუნის აკადემიურმა პერსონალმა და ადმინისტრაციამ ეს რეფორმები "არაკონსტიტუციურად" შეაფასეს და აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათთან კონსულტაცია არ გამართულა.

მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს შემცირებები მიზანმიმართულად შეეხო საუნივერსიტეტო საზოგადოებას, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად აკრიტიკებდა ანტიდემოკრატიულ რეფორმებს. "ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის" პოლიტიკის ფარგლებში, უნივერსიტეტის პროგრამების 92% უნდა გაუქმებულიყო სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან დუბლირების გამო, რაც მხოლოდ რამდენიმე საბუნებისმეტყველო და პედაგოგიურ პროგრამას დატოვებდა. მიუხედავად მაღალი რეიტინგებისა და იმისა, რომ რამდენიმე პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 100%-ს აღწევდა, ილიაუნის მისაღები კვოტა 2025–2026 სასწავლო წლის 3,770 სტუდენტიდან 300-მდე შემცირდებოდა," — წერს ორგანიზაცია.