ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია პრემიერ ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე გამოსვლას აფასებს და წერს, რომ გამოსვლაში აშშ, ევროკავშირი და სხვა ძველი სტრატეგიული პარტნიორები კონკრეტულად აღარ არიან ნახსენები, ხოლო მთავარი გზავნილი, მისი შეფასებით, არის — "ყველასთან ვითანამშრომლებთ, თუ ისინი ჩვენს პირობებს მიიღებენ".

აქუბარდიას შეფასებით, კობახიძის გამოსვლაში სამი მთავარი გზავნილი იკვეთება. აქედან ერთ-ერთია — "საქართველო — შუა დერეფნის ქვეყანა, მაგრამ პარტნიორების გარეშე".

"გამოსვლაში კონკრეტულად აღარ არის ნახსენები არც აშშ, არც ევროკავშირი და არც რომელიმე სხვა ძველი სტრატეგიული პარტნიორი.

ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან შუა დერეფანი მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის — ის საერთაშორისო პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, კოორდინაციასა და დასავლეთთან დაკავშირებაზეა აგებული.

ამის საპირისპიროდ, კობახიძემ პარტნიორობასთან დაკავშირებით პირველად ასე მკაფიოდ გაეროს ტრიბუნიდან არა კონკრეტული პარტნიორობების გაძლიერება, არამედ პარტნიორობის წინაპირობები ჩამოაყალიბა: ურთიერთპატივისცემა, სუვერენული თანასწორობა, დიალოგი და ზეწოლისა და იძულების არქონა.

ანუ გზავნილი აღარ არის — "ესენი არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მათთან ერთად ვაშენებთ საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების მომავალს".

გზავნილი შემდეგია — "ყველასთან ვითანამშრომლებთ, თუ ისინი ჩვენს პირობებს მიიღებენ.“
ეს უკვე საგარეო პოლიტიკის ენისა და ქცევის მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რაც საქართველოს მონაწილეობასა და როლს შუა დერეფანში დამატებით გამოწვევებს უქმნის", — წერს აქუბარდია

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საგარეო კურსის ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა ოკუპაციასთან დაკავშირებული დამოკიდებულებაც. როგორც თეონა აქუბარდია წერს, ნაცვლად საერთაშორისო წნეხისა და დეოკუპაციის მოთხოვნისა, აქცენტი მხოლოდ ჰუმანიტარულ ნდობის აღდგენაზე გადავიდა, მაშინ როდესაც მოსკოვი და სოხუმ-ცხინვალი ფაქტობრივი ანექსიის ნაბიჯებს დგამენ.

"ოკუპაციის ხსენება ფაქტობრივი ანექსიის გარეშე — მაგრამ რუსეთის პასუხისმგებლობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე.

კობახიძემ სწორად დააფიქსირა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ასობით ათასი ადამიანი საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება.

მაგრამ ამის შემდეგ ოკუპაციის პოლიტიკური გაგრძელება ფაქტობრივად წყდება.

აღარ არის რუსეთისადმი მოწოდება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, შეწყვიტოს უკანონო სამხედრო ყოფნა და უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.", — წერს აქუბარდია.

როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, ამ ზოგადი რეგიონული ფონის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება მკვეთრ და თვალსაჩინო კონტრასტს ქმნის, რადგან რეგიონის ქვეყნები სრულიად განსხვავებულ სტრატეგიულ ამბიციებს აფიქსირებენ.

"სომხეთი ამბობს — მე ვაფართოებ პარტნიორებს.

აზერბაიჯანი ამბობს — მე ვაშენებ ახალ რეგიონულ კავშირებს კონკრეტულ პარტნიორებთან.

თურქეთი ამბობს — მე მინდა რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი ვიყო.

საქართველო კი ამბობს — მე ვარ შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ქვეყანა და მზად ვარ ყველასთან თანამშრომლობისთვის, თუ ისინი ჩემს პირობებს მიიღებენ", — წერს აქუბარდია.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება ის არის, რომ ევროკავშირი ქვეყნის პოლიტიკური მიზნებიდან პრაქტიკულად გაქრა. თუ 2024 წელს ირაკლი კობახიძე გაეროს ტრიბუნიდან ოპტიმიზმით საუბრობდა იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი 2030 წლისთვის გახდებოდა, 2026 წლის გამოსვლაში ევროკავშირში ინტეგრაცია უკვე აღარ არის ნახსენები, როგორც საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტირი.

"ყველაზე მნიშვნელოვანი — ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი
2024 წელს თავად კობახიძის გაეროს გამოსვლაში პირდაპირ ითქვა:

"ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, 2030 წლისთვის შესრულდება.

2026 წლის გამოსვლაში კი ევროკავშირში წევრობა საერთოდ აღარ არის დასახელებული საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ მიზნად", — წერს პოლიტიკოსი.

აქუბარდიას შეფასებით, საქართველოს გეოგრაფიული და სატრანზიტო მნიშვნელობა შუა დერეფანში არ გამქრალა, მაგრამ მკაფიო ევროპული მიზნის, სტრატეგიული პარტნიორობებისა და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ქვეყნის გეოპოლიტიკური წონა მცირდება. შედეგად, საქართველოს როლი სულ უფრო მეტად კარგავს პოლიტიკურ დატვირთვას და შესაძლოა მხოლოდ წმინდა ეკონომიკურ ფუნქციამდე დაიყვანოს.

"საქართველოს გეოგრაფიული მნიშვნელობა არ გამქრალა. მაგრამ მისი პოლიტიკური გამოყენების მექანიზმი სუსტდება.

ქვეყანა ისევ დგას შუა დერეფნის გზაზე, ისევ აქვს შავი ზღვის გასასვლელი და ისევ აქვს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია.

მაგრამ თუ ამ ფუნქციას აღარ ახლავს მკაფიო ევროპული მიზანი, კონკრეტული სტრატეგიული პარტნიორობები, უსაფრთხოების პოლიტიკური გარანტიები და ოკუპაციის დასრულების საერთაშორისო მხარდაჭერის მოთხოვნა, გეოპოლიტიკური ფუნქცია ნელ-ნელა მხოლოდ ეკონომიკურ ფუნქციად შეიძლება გადაიქცეს.

და სწორედ ეს არის კობახიძის გაეროს გამოსვლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი:

საქართველო გაეროს ტრიბუნიდან აღარ საუბრობს იმაზე, როგორ უნდა დაბრუნდეს ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში; ის ძირითადად საუბრობს იმაზე, როგორ გამოიყენოს საკუთარი გეოგრაფია ეკონომიკური ზრდისთვის.", — წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.