ევროპული ცენტრი პრესისა და მედიის თავისუფლებისთვის (ECPRM) ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით: "დემოკრატიის ფასადს მიღმა: ქართველი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ თავზე თავდასხმას იძიებს".

სტატია ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის, გურამ როგავას შესახებაა, რომელმაც 2024 წელს სპეცრაზმელის მხრიდან ძალადობა საკუთარ თავზე გამოსცადა და დამნაშავეების ძებნა თავად მოუწია.

როგორც როგავა ECPMF-თან ინტერვიუში აღნიშნავს, სპეცრაზმელმა, რომელსაც შავი ნიღაბი და საიდენტიფიკაციო ნომრები არ ჰქონდა, ის მიზანმიმართულად აირჩია:

"მან [პოლიციელმა] მე ამირჩია სამიზნედ, რადგან ჩემს აუდიტორიას, ჩემს მაყურებლებს ვაჩვენებდი, თუ როგორ რეაგირებდნენ პოლიციელები ქუჩის პროტესტზე", — ამბობს როგავა.

ECPMF წერს, რომ რადგან სახელმწიფომ თავდასხმა რეალურად არ გამოიძია, ჟურნალისტმა მტკიცებულებების შეგროვება და საქმის გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ როგავამ მოპოვებული მასალები პროკურატურას გადასცა, უწყებაში წელიწადნახევრის განმავლობაში რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.

მოგვიანებით, პროკურატურამ ხუთი პირი დააკავა და მათ შორის ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელადაც გამოაცხადა, თუმცა აღმოჩნდა, რომ დაკავებული პირი სინამდვილეში უკვე ციხეში იმყოფებოდა. რეალური თავდამსხმელი კი კვლავ თავისუფლებაზე რჩება. მუდმივი ზეწოლისა და პოლიციის მხრიდან უსაფუძვლო შემოწმებების გამო, როგავას საქართველოს დროებით დატოვება მოუწია.

ECPMF-ის სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა სტაბილურად უარესდება. ამას მოწმობს საერთაშორისო ინდექსებიც, რომელთა მიხედვითაც ქვეყანა პოზიციებს ათეულობით ადგილით აქვეითებს. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო სექტორსა და დამოუკიდებელ მედიას.

ECPMF-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ კრიტიკული მედიასაშუალებები, მათ შორის "ფორმულა", უკიდურესად მძიმე პირობებში მუშაობენ — თანამშრომლები თვეების განმავლობაში უხელფასოდ რჩებიან, რადგან კომპანიებს სარეკლამო შემოსავლების დაკარგვისა და ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი სანქციების ეშინიათ.

როგავა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მასშტაბით ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გააზრებული, რამდენად რთული სიტუაციაა შექმნილი ქვეყანაში:

"მათ კვლავ ჰგონია: ეს არ არის რუსეთი. ეს არ არის ბელარუსი. ეს საქართველოა. მას ჯერ კიდევ აქვს დემოკრატიის გარკვეული ფასადი... მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ ფასადია. მათ რუსეთისა და ბელარუსისგან ისწავლეს, აკეთონ იგივე, რასაც პუტინი და ლუკაშენკო აკეთებენ, ოღონდ სხვა ნიღბებით", — ამბობს როგავა.