ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო ბიზნესისა და დიდი რაოდენობით უაქციზო პროდუქციის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 19 200 ლარს შეადგენს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 19 200 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — წერია უწყების განცხადებაში.