საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია უსაფრთხოების ნორმების გამო ჩაშლილი გორის ფესტივალის შესახებ ევროკავშირის განცხადებას ეხმაურება.

კირცხალიას განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, "რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას".

კირცხალიას მტკიცებით, საზოგადოებამ ევროკავშირისადმი "მიმზიდველობა" დაკარგა, რადგან ისინი მსგავსი ფორმებით პროტესტს მხარს უჭერენ.

"რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელა. ამ განცხადების სერიოზულად კომენტირება არასერიოზულია!

უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ ბრიუსელის ცენტრში რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლობის დაფინანსებით მოეწყოს ღონისძიება, რომლის სცენიდანაც ევროპელი თანამდებობის პირების, მათი პოლიტიკური გუნდისა და რაც მთავარია, მათი ამომრჩევლის მიმართ (ძალიან რბილად რომ ვთქვათ) შეურაცხმყოფელი მოწოდებები გაისმის. რა რეაქცია ექნებოდათ ევროპულ ინსტიტუტებს და როგორ შეაფასებდნენ ისინი მსგავსი ღონისძიების ორგანიზატორების პასუხისმგებლობას? სწორედ ამ კითხვებზე ველით კონკრეტულ პასუხებს და არა ზოგად შეურაცხმყოფელ განცხადებებს ე.წ. კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

დიდი ხნის განმავლობაში ე.წ. პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა, რადგან ყველა კარგად ხედავს იმ ფასეულობებისა და ღირებულებების დაუნდობელ განადგურებას, რაზეც ევროპა ყოველთვის იდგა. ეს სწორედ იმ ბიუროკრატიის დამსახურებაა, რომელიც უკვე წლებია, საქართველოს მიმართ ყველაზე უსამართლო დამოკიდებულებით გამოირჩევა.

როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ და კულტურულ დიალოგს და არა თანამშრომლობას, რომლის პირობებიც ცალმხრივად განისაზღვრება. ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მიმართ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვები მათი მიზნების, მონაწილეთა შერჩევისა და დაფინანსების გამოყენების შესახებ. ამ კითხვებზე პასუხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პროექტების გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება წარმოიშობა.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას, როგორ უზრუნველყოფს მათი მიზნობრიობის დაცვას და რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე.

საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა მხოლოდ დიპლომატიური განცხადებების ნაწილი არ უნდა იყოს, განცხადებების, რომელთაც რეალურ დროში ქვეყნის შეურაცხმყოფელი ქმედებები მოჰყვება!" — წერს კირცხალია.

დანიის კულტურის ინსტიტუტმა გუშინ, 23 სექტემბერს, 26 სექტემბერს გორში დაგეგმილი "კამარა ფესტივალი" უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გააუქმა. ღონისძიება შემოქმედებით ვორქშოპებს, საჯარო საუბრებს და მუსიკას აერთიანებს და ის ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ს უნდა დაეხურა.