განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც თბილისის 21-ე და სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლებზე იმსჯელეს.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, 21-ე საჯარო სკოლას აღარ დაანგრევენ, მას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოსწავლეები 2026-2027 სასწავლო წლის დასრულებას იმავე შენობაში შეძლებენ.

"შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელმა შეფასებამ აჩვენა, რომ 21-ე საჯარო სკოლაში, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებლად არის ჩასატარებელი, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება. ამის შემდეგ მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდებიან, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე, შენობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგის პირობებში, გაგრძელდება. ზაფხულიდან კი სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება," — განაცხადა გივი მიქანაძემ.

რაც შეეხება მისაქციელის საჯარო სკოლას, სამინისტროს გადაწყვეტილებით, "არსებული დაზიანებების პირობებში" სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება. განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი მისაქციელში ახალი სკოლის მშენებლობას განახორციელებს.

"შენობის დაზიანების კატეგორიიდან გამომდინარე, არსებულ შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია. განათლების სამინისტრომ მოსწავლეებს სწავლის ალტერნატიულ სკოლაში გაგრძელება შესთავაზა. პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდი მისაქციელში ახალი სკოლის მშენებლობას განახორციელებს," — განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მსგავსად, მისაქციელის 1-ელი საჯარო სკოლის მშობლებმა და მოსწავლეებმა სწავლის დაწყებიდან ორ დღეში გაიგეს, რომ სკოლა სარეაბილიტაციოა და სასწავლო პროცესი ერთი კვირით უნდა შეჩერდეს.