საქართველომ უკრაინას გადასცა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც სამხედრო მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზებასა და დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობას ედავებიან.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, აღნიშნული პირი უკრაინიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც მისი უკანონო საქმიანობა გამოვლინდა, რის გამოც იგი საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, სქემა 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამხედრო ვალდებულების მქონე დაახლოებით 40 პირის საზღვარგარეთ არალეგალურად გადაყვანა დააორგანიზეს. გამოძიება ადგენს, რომ კაცების უკანონო გზით გაყვანისთვის ორგანიზატორები თითოეული პირისგან 1 400-დან 5 000 აშშ დოლარამდე თანხას იღებდნენ.

ეჭვმიტანილს ბრალად ედება დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობა, განსაკუთრებულ პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალების საქმიანობისთვის ხელის შეშლა და პირთა უკანონო ტრანსპორტირება. ქართულმა მხარემ ძებნილი პირი დააკავა და ყველა საჭირო საექსტრადიციო პროცედურის დასრულების შემდეგ, უკრაინულ მხარეს გადასცა. პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, მიმდინარე წელს ეს უკვე მე-10 შემთხვევაა, როდესაც მსგავსი დანაშაულისთვის ძებნილი პირი სხვადასხვა ქვეყნიდან (მათ შორის პოლონეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან და მოლდოვეთიდან) უკრაინაში დააბრუნეს. წინასწარ გამოძიებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტი ატარებს.