აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოთხშაბათს საფრანგეთის მოქალაქე შეიწყალა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფებოდა. ეს მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა. დიპლომატების განცხადებით, უსმანოვის სანქციების საკითხს ბაქო საფრანგეთზე ზეწოლისთვის იყენებდა.

ფრანგ მარტინ რაიანს ბაქოში 10 წელი ჰქონდა მისჯილი. ის მარტში ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს. ჯერჯერობით უცნობია, გათავისუფლდა თუ არა ის პატიმრობიდან.

Reuters-ს სამმა ევროპელმა დიპლომატმა განუცხადა, რომ პარიზმა ბაქოს პირადად მიანიშნა, რომ აზერბაიჯანი უსმანოვისთვის სანქციების მოხსნის საკითხს საფრანგეთზე ზეწოლისთვის იყენებდა. საქმე ეხებოდა აზერბაიჯანში დაკავებულ საფრანგეთის ორ მოქალაქეს.

ფრანგული გამოცემა Challenges-ის ინფორმაციით, მეორე დაკავებული ფრანგი მოქალაქე ფრანგული წყლის მართვის კომპანია Saur-ის თანამშრომელი ანას დერაზია. მას 2025 წელს კორუფციის ბრალდებით 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც Reuters წერს, ბაქოსა და პარიზს შორის ურთიერთობები წლებია დაძაბულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი საფრანგეთის მჭიდრო ურთიერთობებია აზერბაიჯანის მეზობელ და მოწინააღმდეგე სომხეთთან. საფრანგეთში დიდი სომხური დიასპორაა და პარიზი ერევანს იარაღსაც აწვდის.

უსმანოვისთვის სანქციების მოხსნამ ევროკავშირში უთანხმოება გამოიწვია

უსმანოვისა და კიდევ ერთი რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის, სანქციების სიიდან ამოღება პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ევროკავშირმა რუსეთის მილიარდერთა ელიტის იმ წარმომადგენლებს სანქციები მოუხსნა, რომლებსაც უკრაინაში ომი საჯაროდ არ დაუგმიათ.

ევროკავშირმა უსმანოვსა და ფრიდმანს სანქციები 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუწესა. სანქციები მათ ევროკავშირში გადაადგილებასა და ფინანსურ ოპერაციებს უზღუდავდა და ბლოკში მათი აქტივების გაყინვას ითვალისწინებდა. უსმანოვი სანქციების გასაუქმებლად ევროპულ სასამართლოებში არაერთ სამართლებრივ დავას აწარმოებდა.

უკრაინამ უსმანოვისა და ფრიდმანის სანქციების სიიდან ამოღებას "სამარცხვინო და გაუმართლებელი" უწოდა.