კახეთში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონში უკვე 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული (საიდანაც 28 ათასი ტონა მაღალკონდიციურია). იმისათვის, რომ მევენახეებმა ჭარბი მოსავალი შეუფერხებლად დააბინაონ, სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია" მოსავალს 20 ლოკაციაზე იბარებს.

ცნობილია ყურძნის ჩაბარების ზუსტი ფასები შაქრიანობის მიხედვით:

კონდიციური საფერავის (არანაკლებ 20% შაქრიანობით) ფასი 1 კილოგრამზე 1,50 ლარია (16-20%-იანი შაქრიანობის შემთხვევაში — 1,00 ლარი, ხოლო 16%-ზე ნაკლებისას — 50 თეთრი). რაც შეეხება რქაწითელსა და სხვა ნებადართულ საღვინე ყურძენს, არანაკლებ 19% შაქრიანობის მქონე მოსავალი 1,30 ლარი ეღირება, 16-19%-იანი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 90 თეთრია, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობისას — 50 თეთრი.

"23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.

გადამუშავებული ყურძნიდან 28 ათასი ტონა მაღალკონდიციურია.

სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია" მევენახეებისგან ყურძენს 20 ლოკაციაზე იბარებს კახეთის სხვადასხვა მუნიცუპალიტეტში. აქტიურობს ღვინის კერძო სექტორიც.
მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს კახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში.
ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს "მოსავლის მართვის კომპანია" კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს:

კონდიციური საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, 1 კგ 1,50 ლარით განისაზღვრა. საფერავი, რომლის შაქრიანობა 16%-დან 20%-მდეა ფასი 1,00 ლარი იქნება, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის საფერავის ფასი 50 თეთრი.

რქაწითელის და "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართული საღვინე სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 19%-ის მქონე ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება, 16%-დან 19%-მდე 90 თეთრი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 50 თეთრი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18", — წერია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.