განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და ამ პროცესში ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

პოლიციამ კოკაინი, ჰაშიში და ოპიუმი ამოიღო. სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდა ნარკოტიკების დასაფასოებელი მასალები და სავარაუდოდ, უკანონო გაყიდვებიდან მიღებული თანხაც.

დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით იძიება, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: "კოკაინი", "ჰაშიში" და "ოპიუმი".

პოლიციის მიერ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.