რუსთაველზე მინიატურული ქანდაკებების რესტავრაციისა და ნაწილის ხელახლა დამზადებისთვის თბილისის მერია 273 815 ლარს გადაიხდის. აღნიშნული 50 მინიქანდაკების ავტორი ლევან ბუჯიაშვილია, რომელმაც მერიას მათი აღდგენისთვის თანხის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

"გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული 50 ქანდაკებიდან 29 ერთეული დაზიანებულია და საჭიროებს აღდგენა-რესტავრაციას, ხოლო 21 ერთეული დაკარგულია და საჭიროებს ხელახლა დამზადებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ქალაქ თბილისში, მონუმენტური ნაწარმოების "შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე მინიატურული ქანდაკებები” დამზადებისა და აღდგენა-რესტავრაციის ხარჯთაღრიცხვას. გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული მომსახურების ხარჯის - 273 815 ლარის დაფინანსება. ამასთან, გაცნობებთ, რომ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებულია ქანდაკებების ტრანსპორტირების ხარჯები”, - წერია ლევან ბუჯიაშვილის წერილში.

აღნიშნულ მომსახურებას თბილისის მერია გამარტივებულად ყიდულობს.

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ თბილისში, მონუმენტური ნაწარმოების ,,შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე მინიატურული ქანდაკებები’’ (50 ერთეული) პირვანდელი სახით დამზადება-აღდგენა/რესტავრაციისთვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 273 815 ლარზე. აღნიშნული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის “ღონისძიებების უზრუნველყოფის“ პროგრამიდან”, ­—განმარტავენ მერიაში.