დღეს დილიდან პროკურატურასთან ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი კოლეგებთან ერთად აქციას მართავს. მისი მოთხოვნაა უწყებამ მისი 20 წლის შვილის, ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის კორონავირუსით გარდაცვალების საქმე სათანადოდ გამოიძიოს.

ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში 22 სექტემბრიდან პროკურატურის შენობასთან უწყვეტი პროტესტის და შიმშილობის დაწყება დააანონსა. მან სხვა ადვოკატებს და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

დღევანდელ აქციაზე გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად პროკურატურასთან აქციას იწყებს და მთავარ პროკურორ გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრა სურს.

"5 წელზე მეტია, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯალათმა ექიმებმა ჩემი 20 წლის შვილი შეიწირეს. არაერთხელ მოვითხოვეთ საქმის ეფექტურად გამოძიება, თუმცა ყურად არ იღეს. საქმეში არის უამრავი მტკიცებულება. ამ 5 წლის მანძილზე, მე და ჩემმა კოლეგა მეგობრებმა, ადვოკატებმა, ყველა მტკიცებულება მივიტანეთ, მაგრამ დღემდე პასუხი არაა. სასაცილოდაც მიგდებენ. აქ მე ვარ მეუღლესთან ერთად და ვითხოვ სამართალს, სამართლიანობის აღდგენას.

მე მინდა მთავარ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს მივმართო — ბატონო გიორგი, 2 შვილის პატრონი ხარ, მამა ხარ, ჩამოდი და თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს. აქ ვიქნებით მე და ჩემი კოლეგები, სანამ არ ჩამოხვალ. გაგვეცი ოჯახს პასუხი 5 წლის განმავლობაში რომ მატყუებ. ამ მომენტიდან ვჯდები აქ და ვმართავ უწყვეტ აქციას" — განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა [IPN].

ვახტანგ ჩარკვიანის საქმე

20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი COVID-19-ის დიაგნოზით 2021 წლის 11 აგვისტოს "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში" (ე.წ. "რესპუბლიკურში") გადაიყვანეს, სადაც 12-დან 17 აგვისტომდე მკურნალობას გადიოდა თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 17 აგვისტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ამავე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. 20 წლის ახალგაზრდა 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

პროკურატურის განცხადება

მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო, უწყებამ აღნიშნულ საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა.

პროკურატურის განცხადებით, გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე 2021 წლის 8 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო და სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში 3 პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნა განხორციელდა. უწყებამ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ გაიოზ ჩარკვიანს გამოძიების მსვლელობის შესახებ დეტალურად ინფორმირებული იყო.

სისხლის სამართლის დევნა დაიწყო შემდეგ პირებზე:

  • ქეთევან ცერცვაძე, კლინიკის თერაპიული განყოფილების უფროსი;
  • ქეთევან ლობჟანიძე, თერაპიული განყოფილების ექიმი.

გამოძიების თანახმად, ქეთევან ცერცვაძემ და ამავე განყოფილების ექიმმა — ქეთევან ლობჟანიძემ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და დაარღვიეს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის წესი, რამაც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

"2021 წლის 14 აგვისტოს ისე დაიწყეს პაციენტის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო შემდგომ შეცვალეს, რომ არ განუხორციელებიათ ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით.

ამდენად, ანტიბიოტიკოთერაპია დაიწყო და შემდგომში მისი კორექცია განხორციელდა იმგვარად, რომ არ იყო ცნობილი — ვახტანგ ჩარკვიანი იყო თუ არა ინფიცირებული ბაქტერიით, ასევე, არ იყო განსაზღვრული ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროფილი, რამაც შემდგომში გაართულა მისი მკურნალობის პროცესი.

აღნიშნულის შედეგად, დადგა მძიმე შედეგი — ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სახით. კერძოდ, 2021 წლის 17 აგვისტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ვახტანგ ჩარკვიანი გადაყვანილ იქნა შპს "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს "ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის" თერაპიული განყოფილების უფროსმა — ქეთევან ცერცვაძემ და ამავე განყოფილების ექიმმა — ქეთევან ლობჟანიძემ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და დაარღვიეს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის წესი, რამაც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

კერძოდ, 2021 წლის 14 აგვისტოს ისე დაიწყეს პაციენტის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო შემდგომ შეცვალეს, რომ არ განუხორციელებიათ ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით.

ამდენად, ანტიბიოტიკოთერაპია დაიწყო და შემდგომში მისი კორექცია განხორციელდა იმგვარად, რომ არ იყო ცნობილი — ვახტანგ ჩარკვიანი იყო თუ არა ინფიცირებული ბაქტერიით, ასევე, არ იყო განსაზღვრული ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროფილი, რამაც შემდგომში გაართულა მისი მკურნალობის პროცესი.

აღნიშნულის შედეგად, დადგა მძიმე შედეგი — ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სახით," — წერს უწყება.

  • თეა ბაგაშვილი, რეანიმაციის განყოფილების უფროსი ექთანი

გამოძიების თანახმად, თეა ბეგაშვილმა ვახტანგ ჩარკვიანის სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი გააყალბა. უფროსმა ექთანმა პაციენტის სამედიცინო ისტორიაში არასწორი ინფორმაცია შეიტანა, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული, ხოლო რეალურად მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა.

უწყების ინფორმაციით, ქეთევან ცერცვაძეს და ქეთევან ლობჟანიძეს, გაიოზ ჩარკვიანის თანხმობით, ამნისტია შეეხოთ და მათ მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა. თეა ბეგიაშვილს, კი 1 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა — აღნიშნული სასჯელი სასამართლოს ყველა ინსტანციამ უცვლელად დატოვა.

"2023 წლის 23 იანვარს, შპს "ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის" რეანიმაციის განყოფილების უფროს ექთანს — თეა ბეგიაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 2024 წლის 19 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით თეა ბეგიაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენი ძალაში დარჩა ზედა ინსტანციის სასამართლოებში.

ამავე საქმეზე, 2023 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ბრალდება წარედგინა შპს "ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის" თერაპიული განყოფილების უფროსს — ქეთევან ცერცვაძეს, ხოლო 2025 წლის 6 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ქეთევან ცერცვაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამავე განაჩენით, ვახტანგ ჩარკვიანის უფლებამონაცვლის — გაიოზ ჩარკვიანის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ გავრცელდა ამნისტია და გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.

ასევე, 2025 წლის 27 თებერვალს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ბრალდება წარედგინა შპს "ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის" თერაპიული განყოფილების მორიგე ექიმს — ქეთევან ლობჟანიძეს, ხოლო 2026 წლის 30 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ვახტანგ ჩარკვიანის უფლებამონაცვლის — გაიოზ ჩარკვიანის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ გავრცელდა ამნისტია და ქეთევან ლობჟანიძის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა," — ნათქვამია ინფორმაციაში.