ოცნების დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასება, თითქოს ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას დაემსგავსა, არასწორია. მისი თქმით, ღარიბაშვილი თავად იყო პრემიერმინისტრი სულ რაღაც 2-3 წლის წინ და მაშინ პარტიას ნაციონალური მოძრაობის მსგავსი არ მიაჩნდა. ჭეიშვილი ასევე ამბობს, რომ ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება და ღარიბაშვილის განცხადებები ზეწოლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

"სამწუხაროა, როდესაც ყოფილი პრემიერმინისტრი ჩვენ გვამსგავსებს ნაციონალურ მოძრაობას. ის ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ პრემიერ-მინისტრი იყო და მაშინ არ ვგავდით ნაციონალურ მოძრაობას და დღეს ვგავართ?! ეს არასწორი შეფასება და არასწორი მიდგომაა. ზოგადად, ეს სპეკულაციები უნდა დაასრულოს. ყოველ კვირას ერთი და იგივე შინაარსის წერილებს აქვეყნებს. გავიგეთ რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი შეცდომაშია შეყვანილი. ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, სად არის და რა განცხადებებს აკეთებს. ჩვენგან ღალატი მის მიმართ არ ყოფილა. თავიდან ბოლომდე აღიარა ის ბრალი, რაც პროკურატურამ წარუდგინა.

არსებობს სასამართლო, მართლმსაჯულება და ადამიანების ბედი კაბინეტებში არ წყდება. რა თქმა უნდა, იტყუება ირაკლი ღარიბაშვილი. გადადგომის შემდეგ რომ ეგ განცხადება გაკეთებინა კიდევ შეიძლებოდა სარწმუნო ყოფილიყო, მაგრამ არ ფიქრობდა ასე, იმიტომ რომ ასე არ იყო. ამ ქვეყანაში მარტო ირაკლი ღარიბაშვილზე მოხდა მაშინ ზეწოლა?!", — განაცხადა ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 სექტემებრს ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მე-7 წერლი გამოაქვეყნა, რომელშიც ჰყვება როგორ მისცა ხელისუფლებამ პირობითი სასჯელისა და გირაოს პირობა და "გადააგდო".

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ პოლიტიკა უნდა დაევიწყებინა, სანაცვლოდ კი დაჰპირდნენ, რომ ციხეში არც ერთ დღეს არ გაატარებდა, მიიღებდა მრავალწლიან პირობით სასჯელსა და ჯარიმას. მისი თქმით, ამ პირობების იმედით ბრალი უკვე აღიარა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ელოდებოდა, თუმცა 4 იანვარს მოულოდნელად აცნობეს, რომ პირობები შეიცვალა და 5 წლით პატიმრობა უნდა მოეხადა, რასაც ღარიბაშვილი "გადაგდებად" აფასებს. მისივე თქმით, "ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის ჩემი პოლიტიკურად განეიტრალება, ხალხში ჩემი სახელისა და რეპუტაციის დაზიანება და დისკრედიტაცია".