პრემიერი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.

კობახიძე წერს, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ თურქეთი რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად.


მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებასა და დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ამ კონტექსტში აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა, რომელიც ექსპლუატაციაში სრულად შევიდა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში.

ხაზგასმით აღინიშნა მშვიდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.