რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით, ხმების თითქმის 100%-ით, აირჩიეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

რუსეთში კვირას დასრულდა ეროვნული პარლამენტის, ასევე რეგიონული საკანონმდებლო ორგანოებისა და გუბერნატორების არჩევნები. როგორც შედეგებმა აჩვენა, მას შემდეგ, რაც ომის მოწინააღმდეგე კანდიდატების უმრავლესობას კენჭისყრაში მონაწილეობა აეკრძალა, კრემლის მხარდაჭერილმა პარტიებმა და კანდიდატებმა სრული გამარჯვება მოიპოვეს.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთში კადიროვმა ხმების 99.85% მიიღო, რაც 2021 წლის 99.73%-იან მაჩვენებელთან შედარებით ოდნავ გაზრდილია. საერთაშორისო დამკვირვებლებმა წარსულში მკაცრად გააკრიტიკეს ამ რეგიონში არჩევნების ჩატარების პროცესი.

კადიროვი, ამგვარ კრიტიკას მისი მმართველობის შესასუსტებლად დასავლეთის მიერ ინიცირებულ მცდელობებად მიიჩნევს.

კადიროვი ხელისუფლებაში მას შემდეგ მოვიდა, რაც მამამისი, ახმატი, 2004 წელს მოწყობილ აფეთქებაში დაიღუპა.

Reuters წერს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები კადიროვის მთავრობას უკვე დიდი ხანია ადანაშაულებენ ადამიანის უფლებათა ფართომასშტაბიან დარღვევებში, მათ შორის ჟურნალისტებისა და სექსუალური უმცირესობების მიმართ. აღნიშნულს თავად კადიროვი უარყოფს.