IT სპეციალისტს, გიორგი კვიცარიძეს, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 17 წლით პატიმრობა მიესაჯა — ინფორმაციას "ტვ პირველი" ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მოსამართლემ ბრალდებულს მიუსაჯა 17 წელი. ბრალდებული ამას არ ეთანხმება და აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას," — თქვა ადვოკატმა "ტვ პირველთან" სატელეფონო ჩართვისას.

მიმდინარე წლის 13 ივნისს "ტვ პირველმა" გაავრცელა კადრები, სადაც ასახულია, როგორ ძალადობენ პოლიციელები დაკავებულ პირებზე. ტელეკომპანიის განცხადებით, ძალადობის ამსახველი 5 ვიდეოფაილი პატიმარი IT სპეციალისტის ოჯახმა მიაწოდა.

რეპორტაჟში ეთერ კვიცარიძე ჰყვება, რომ მისმა შვილმა პოლიციელების ბაზა გატეხა და ძალადობის ამსახველი 33 ვიდეოფაილის მოპოვება შეძლო, სადაც დაკავებულებს აწამებენ და სექსუალური ძალადობით ემუქრებიან.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბაზის გატეხვის შესახებ შეიტყო, IT სპეციალისტი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. პატიმრის დედის თქმით, მის შვილს "ნარკოტიკები ჩაუდეს". რეპორტაჟში კვიცარიძე იხსენებს, რომ პოლიცია იმ კომპიუტერის გადაცემას ითხოვდა, სადაც ფაილები იყო შენახული, მაგრამ ოჯახმა მისი გადამალვა შეძლო.

2025 წლის 31 დეკემბერს, იმერეთში, კვიცარიძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისთვის დააკავეს. გამოძიების განცხადებით, ჩხრეკისას მას სარეალიზაციოდ გამზადებული 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ" ამოუღეს.

კვიცარიძის დედა "ტვ პირველთან" საუბარში აცხადებდა, რომ სასჯელის ვადის შემცირების სანაცვლოდ, ქუთაისის ციხის უფროსი მის შვილს ძალადობის ამსახველი ვიდეოების გაქრობას სთხოვდა. პატიმრის დედა ასევე გაჭიანურებულ სასამართლო პროცესსა და გაყალბებულ სასამართლო ჩვენებებზე საუბრობდა.


მას შემდეგ, რაც "ტვ პირველმა" ძალადობის ამსახველი კადრები გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მათი ავთენტიკურობა არ უარუყვია. შსს-ს განცხადებით, აღნიშნული პოლიციელების წინააღმდეგ დაწყებულია სამართლებრივი დევნა და ისინი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს. ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები 2022 წლით თარიღდება.