პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია "გახარია საქართველოსთვის" დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა. ამის შესახებ მან დღეს ბრიფინგზე თქვა.

"სარჩელი მომზადდა, ხელმოწერილია და ფიზიკურად, მე მგონი, დღეს ჩაბარდება და მათ შორის საჯაროც იქნება და ყველამ ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხოთ.

["გახარია საქართველოსთვის"] "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მოქმედი პარტია არის. თქვენთვის ეს არ არის ცხადი, ეს ასე რომ არის? თქვენ გახსოვთ ის კამპანია 2020 წლის? ოთხი პარტია არის, "4", "5", "9", "25" და ნებისმიერს მიეცით აქედან [ხმა], ქართულ ოცნებას არა. მათ შორის ზურაბიშვილის ამოცანა. რატომ? იმიტომ, რომ შენი არჩევანი ამ ოთხიდან ერთ არჩევანს ნიშნავდა მაინც. ანუ ამ არჩევანის მრავალფეროვნებაში არჩევანი მაინც ერთი იყო, იმიტომ, რომ "4" იქნება თუ "5", "9", "25", მნიშვნელობა არ ჰქონდა. შესაბამისად, თქვენც ხომ ეჭვი არ გეპარებათ იმაში, რომ ეს ერთად მოქმედი ორგანიზმი იყო. ამიტომ, ეს არის ჩვენი მთავარი არგუმენტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სხვა არგუმენტებიც არის", — განაცხადა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში დაბრუნების შემდეგაც გახარიას პარტია "ანტიკონსტიტუციურ რელსებზე" დარჩა, რის გამოც მათი საკონსტიტუციო სარჩელში შეყვანა საფუძვლიანი იყო. პაპუაშვილი მათ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთიან, ორკესტრირებულ ჯგუფად მოიხსენიებს.

"2020 წლის არჩევნების შემდეგ, ერთი წელი ისინი ბოიკოტს უცხადებდნენ პარლამენტს და არ აღიარებდნენ არჩევნებს, არ შემოდიოდნენ პარლამენტში. 12 ივლისისთვის მოგვიწია კიდევაც მანდატების შეწყვეტა. შემოვიდნენ მაშინ ერთი წლის თავზე. ორი წელია, რაც ეს პარლამენტია, ამ ორი წლიდან ერთი წელი საერთოდ არ იყვნენ პარლამენტში. როცა შემოვიდნენ, შემოვიდნენ 4 ოქტომბრის შემდეგ. მაშინ თქვეს, რომ აი, ჩაიშალა "4 ოქტომბერიო" და იმიტომ შევდივართო, განაცხადეს მათმა ერთ-ერთმა მიმდევარმა. ეს ერთი წელი ჰქონდათ მაშინ შესაძლებლობა, რომ აეღიარებინათ საკონსტიტუციო წესრიგი, რასაც მანამდე არ აკეთებდნენ, აეღიარებინათ არჩევნები, აეღიარებინათ ინსტიტუციები, რასაც არ აკეთებენ დღემდე. მათსაც რომ ჰკითხოთ — არჩევნების შედეგებს აღიარებთ, არ აღიარებთ, ესე მოუვლიან ხოლმე გარშემო და არც პასუხობენ. ...სანამ შემოვიდოდნენ პარლამენტში, იყვნენ ცხადად ანტიკონსტიტუციური პარტია, ვინაიდან არ აღიარებდნენ დემოკრატიას, კონსტიტუციურობას, არჩევნებს და ასე შემდეგ, ხალხის ნებას. მას შემდეგ, რაც შემოვიდნენ, ჩვენ მივეცით შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ კალაპოტში. ეს შანსი არ გამოიყენეს, კვლავ არიან ანტიკონსტიტუციურ რელსებზე, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი მიზეზი აღარ გვექნებოდა, რომ არ შეგვეტანა ისინი სარჩელში. პირიქით, ეს იქნებოდა არასწორი. ეს არის ერთიანი ორგანიზმი ნაციონალური მოძრაობის, ერთად ორკესტრირებული ჯგუფი", — განაცხადა პაპუაშვილმა.