ე.წ. "არაბიზაციის" კამპანიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სახეზე გვაქვს "ნამახვანჰესი 2" და იგივე ჯგუფი — "ალტ-ინფო", "ნაციონალური მოძრაობა", NGO-ები, ვინც "ნამახვანჰესი 1" მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ, აწყობს "ნამახვანჰეს 2"-ს Eagl Hills-თან დაკავშირებით.

"თუ შევხედავთ შემადგენლობას იმ ჯგუფისა, ვინც ჩართული არის ამ კამპანიაში, თუ შევხედავთ მიზნებს ამ ჯგუფისა, თუ შევხედავთ აბსურდულ შინაარსს ამ კამპანიისა, მივხვდებით, რომ სახეზე გვაქვს "ნამახვანჰესი 2" კამპანია.

როგორც მაშინ, მიზანი იყო ჩაშლილიყო ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტი და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, და მაშინ მოახერხეს ეს — ჩაშალეს ეს, არა მხოლოდ 400 მილიონი დოლარის კომპენსაცია არის ის ზიანი, რომელიც მიადგა საქართველოს, მართალია გასაჩივრებულია ჯერ და ველოდებით გადაწყვეტილებას, მაგრამ დღეის მდგომარეობით არის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, არამედ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას მიადგა ზიანი ნამახვანჰესის ყალბი და გარედან მართული კამპანიით.

მაშინაც იყო ქსენოფობიური არგუმენტები, მაშინაც იყო ზუსტად ერთობა ალტ-ინფოსი და ნაცმოძრაობის და დღესაც იგივეს ვხედავთ, რომ ალტ-ინფო, ნაცმოძრაობა ერთ ფრონტზე არიან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

ეს არის გამეორება "ნამახვანჰესისა", თუმცა განსხვავებით. მაშინ, 2021 წლებში საქართველო ვერ აღმოჩნდა, სამწუხაროდ, ისეთი ძლიერი, რომ წინააღმდეგობა გაეწია გარედან დაგეგმილი ამ კამპანიისთვის და მათ შეძლეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება... მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა, მათ შორის დაფინანსების ბევრი წყარო, მათ შორის იმ დაფინანსებისა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს საწინააღმდეგოდ, ჩაიკეტა და სახელმწიფო დღეს გაცილებით ძლიერი არის, რომ არ დავუშვათ ამგვარი აბსურდული კამპანია.

აგერ ყველა მედიაში ჩანს, რომ იგივე ჯგუფი, ვინც "ნამახვანჰესი 1" მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ, აწყობს "ნამახვანჰეს 2"-ს Eagl Hills-თან დაკავშირებით. "ალტ-ინფო", "ნაციონალური მოძრაობა", NGO-ები", — განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართველი პროევროპელები "ქსენოფობიურ და ფაშისტურ ევროპასთან დაახლოებას ცდილობენ". მისი თქმით, სწორედ ამიტომ ისინი საბოლოოდ ალტ-ინფოსთან ერთ მხარეს აღმოჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ერთმანეთის მოწინააღმდეგე ძალებად წარმოჩნდებოდნენ.

"არ ვიცი, თუკი ქსენოფობიაში არის რამე ევროპული, ეს არის 100 წლის წინანდელი ევროპა, რომელიც ნამდვილად იყო ქსენოფობიური, მისი დიდი ნაწილი ფაშისტური. როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ეს ევროპა ჰგონიათ, ამ ევროპისკენ მივყავართ — ფაშისტური, ქსენოფობიური ევროპისკენ და ამიტომაც ბუნებრივი არის, რომ ისინი ალტ-ინფოსთან ერთად გაერთიანდნენ და ახლა ვხედავთ ჩვენ ამ ორი ძალის, რომელიც თითქოს ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად იყვნენ და ასე წარმოგვიჩენდნენ, ვხედავთ, რომ სინამდვილეში არიან ერთ მხარეს", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

მისივე თქმით, საქართველოში „არაბიზაციის“ საფრთხეზე საუბარი უსაფუძვლოა. მისი თქმით, საქართველოში მყოფი ადამიანების მხოლოდ 0.3% მოდის მთლიანად არაბული სამყაროდან, ამიტომ, მისი შეფასებით, საქართველოში „არაბიზაციის“ შიშის გაღვივება აბსურდულია.

"არაბიზაციას რაც შეეხება და აი ამ ყალბი შიშების დანერგვას, საქართველოში თუკი დღეს შევხედავთ საქართველოს მყოფ ადამიანების ეროვნულ შემადგენლობასაც, მთლიანად არაბული სამყარო რომ ავიღოთ, საქართველოს მოსახლეობის 0.3%-ია მთლიანად არაბული სამყაროდან ჩვენთან მყოფი ადამიანები — არა მოქალაქეები, არამედ სულ ყველა, ჯამში არის 0.3%, რაც, რა თქმა უნდა, უკვე აქვე აჩვენებს აბსურდულობას ამ ბრალდების.

ეს არის "ნამახვანი 2"-ის მცდელობა და მნიშვნელოვანი არის აქაც კიდევ ერთხელ დავინახოთ ნაცმოძრაობის და ალტ-ინფოს ერთობა, რომელიც მაშინაც იყო "ნამახვანჰესის" დროს და დღესაც ასე გამოდის. ეს არის ერთიანი ქსენოფობიური ფრონტი", — განაცხადა პაპუაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 სექტემბერს, თავისუფლების მოედანზე, ე.წ. "არაბული ქალაქების" მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელიც გაერთიანება კონსერვატორებმა დააანონსეს.

ადგილზე შეკრებილებს თან ჰქონდათ ბანერი — "ენა, მამული, სარწმუნოება". ორგანიზატორების განცხადებით, აქცია საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდება, მათ შორის თბილისში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტზე.

ფოტო აქციიდან

ფოტო აქციიდან

რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის მიერ ნახსენებ "ნამახვანჰესის" პროექტს, ნამახვანჰესის წინააღმდეგ 2021 წელს დაწყებული საპროტესტო კამპანიის შედეგად პროექტი შეჩერდა, შემდეგ კი თურქულმა კომპანია ENKA-მ საქართველოსთან ხელშეკრულება შეწყვიტა და სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში იდავა.

დავის შედეგად საქართველოს ასეულობით მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა საქართველო გადაწყვეტილების გასაჩივრებას ცდილობს.