უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიპლომატიურ გუნდთან ერთად ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას და ორმხრივ შეხვედრებს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართავს.

ორშაბათს საღამოს ზელენსკი ამერიკელ კანონმდებელთა ჯგუფსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უნდა შეხვედროდა.

სამშაბათს დილით უკრაინის პრეზიდენტი 9 სექტემბრის მემორიალს ყვავილებით შეამკობს. დღის განმავლობაში დაგეგმილია მისი ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის დონალდ ტრამპთან.

ოთხშაბათს ზელენსკი ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, 11:00 საათზე გაეროს უშიშროების საბჭოს უკრაინის საკითხზე გამართულ სხდომაზე, ხოლო დაახლოებით 14:00 საათზე გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა.

მისი თქმით, ნიუ-იორკში ჯამში დაახლოებით 20 შეხვედრაა დაგეგმილი — ტრამპთან, ევროპელ ლიდერებთან, აშშ-ის კონგრესის სენატორებსა და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მსხვილი ამერიკული კომპანიებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან. უკრაინულმა დელეგაციამ ასევე მოამზადა ახალი შეთანხმება დრონების სფეროში — Drone Deal.

ზელენსკისთან ერთად აშშ-ში პირველი ლედი ელენა ზელენსკაც ჩავიდა. ის კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდება და გაეროს პლატფორმაზე პირველი ლედებისა და ჯენტლმენების სამიტის შედეგებს წარადგენს. მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლესთან.