ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებები შვიდმა მემკვიდრემ წარადგინა. ამის შესახებ BMG წერს.

მათი ცნობით, თემურ უგულავას საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი კომპანიის განახლებულ ამონაწერში აღნიშნულია, რომ მისი წილის მმართველებად 17 სექტემბერს მისი შვილები დარეგისტრირდნენ. თუმცა თემურ უგულავას "აჭარა ჯგუფის" ძირითადი ჰოლდინგური კომპანიის ამონაწერში, ჯერჯერობით, მსგავსი ცვლილებები არ ასახულა.

წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, სამკვიდროს მართვისთვის სანოტარო აქტი 2026 წლის 14 ივლისს გამოიცა. როგორც დოკუმენტაციაში არის აღნიშნული, 2026 წლის 22 ივნისს, აშშ-ში ნიუ-იორკის შტატში ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მართვისთვის განაცხადი შვიდმა პირდაპირმა მემკვიდრემ წარადგინა.

სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებები წარადგინეს გეგა, ნუცა, სანდრო, ნოდარ, თეიმურაზ, ტოკიო მარგო და ლუკა უგულავებმა. დოკუმენტის თანახმად, ისინი თემურ უგულავას შვილები და კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები არიან. სამი არასრულწლოვანი მემკვიდრის შემთხვევაში განცხადებები მათმა კანონიერმა წარმომადგენლებმა წარადგინეს, ხოლო ერთ შემთხვევაში განცხადება მემკვიდრის მხარდამჭერის მიერ იქნა წარმოდგენილი. სამკვიდრო მოწმობა, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ გაიცემა მემკვიდრეთა მოთხოვნის შემთხვევაში.

ამასთან, გასული კვირის ბოლოს "აჭარა ჯგუფის აქტივების მართვის კომპანიამ" თბილისში მუხიანის დასახლებაში მდებარე "რადიო ქალაქის" 24,000 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ბერა ივანიშვილის კომპანიას მიჰყიდა. ბიზნეს რეესტრზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში ნასყიდობის ფასი მითითებული არაა.

სტატია სრულად წაიკითხეთ BMG-ზე.


ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში 22 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. მის მიერ დაფუძნებული "აჭარა ჯგუფის" შემადგენლობაშია ქართული ბრენდები: ROOMS, Stamba, Fabrika, Lolita Holiday Inn Tbilisi, Shukura, Radio City და ა.შ.

თემურ უგულავა ფლობდა გემბლინგ კომპანია "აჭარაბეთსაც", რომელიც 2019 წელს გაყიდა.