საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს — www.ekalata.gov.ge — ახალი სუპერმარკეტების ქსელები — "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი" დაემატა. ამასთან, პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებლებს უახლოესი ქსელის ფილიალის მარტივად მოძიების შესაძლებლობას აძლევს.

www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში არსებული ფასები ერთ სივრცეში შეადარონ და მათთვის სასურველი პროდუქციის შეძენისას ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. პორტალზე ამ დროისათვის 16 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი: "აგროჰაბი", "ამბარი", "კარფური", "დეილი", "გუდვილი", "გვირილა", "კალათა", "ლიბრე", "მაგნიტი", "ნიკორა", "ორი ნაბიჯი"“, "სპარი", "უნივერსამი"“ და "ზღაპარი".

მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისა და 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასები შეადარონ.

დანაზოგის დათვლის ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სავაჭრო ქსელში, პროდუქციის ფასების შედარების საფუძველზე, პოტენციური დანაზოგი გამოთვალოს, — წერია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.