"თბილისობა" წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს.

"ლოკაციებზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსდება სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები და ღია კინოთეატრი. მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები და თანამედროვე კონდიტერია", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

"დღის განმავლობაში, ყველა ლოკაციაზე გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება. სრული პროგრამა დეტალური აღწერილობით შეგიძლიათ, იხილოთ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე", - აღნიშნა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი "თბილისობა" დაახლოებით 3,3 მლნ ლარი გვიჯდება. ელექტრონული ტენდერის საშუალებით 195 000 ლარის ხელშეკრულება უკვე გაუფორმდა შპს "ლუმა დეველოპმენტს", რომელმაც ღონისძებაზე ხის საფარით და შემზღუდავი მოაჯირებით მომსახურება უნდა უზრუნველყოს.

გარდა ამისა, გამარტივებული შესყიდვის გზით 3 114 727 მლნ ლარი დაიხარჯება.

როგორც შესყიდვის დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მერია 3-4 ოქტომბერს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს. სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდება თემატური დეკორაციები და ინსტალაციები - დეკორირებული თაღები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები, ინტერაქციული ინსტალაციები, ფლორისტული ზონები, სცენის დეკორაციები, სხვადასხვა სივრცის სადღესასწაულო მორთულობა. გაიმართება განსხვავებული ჟანრის საბავშვო და საღამოს კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და პერფორმანსები, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირების მსვლელობა. მოეწყობა სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლის და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები, თანამედროვე კონდიტერია, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება საზეიმო კონცერტი და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.