თბილისის მერი კახი კალაძე გარემოვაჭრეების მხრიდან "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გაპროტესტებას ეხმაურება.

კალაძემ ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდა, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა არ დააზიანოს და დააზარალოს იქ დასაქმებული ადამიანები. ნებართვა ტერიტორიის მოწესრიგებაზე, განახლებაზე არ ნიშნავს ადამიანების ერთ დღეში, ალტერნატივის გარეშე, სამუშაოს გარეშე დატოვებას. იქ არიან ადამიანები, რომელთაც უჭირთ, ყოველდღიურად შრომობენ. მათ თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ, ჩვენი მხრიდან კი ყოველგვარი ხელშეწყობა ექნებათ.

ჩვენ კერძო საკუთრებას არ ვეხებით, კერძო საკუთრება ამ ქვეყანაში დაცულია. ის წლები ჩაბარდა წარსულს, როდესაც ეს ყველაფერი ფეხქვეშ იყო გათელილი. 2012 წლის შემდეგ გვაქვს სრულიად სხვა დამოკიდებულება. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესსექტორს, რომ ინვესტიციები განხორციელდეს, თუნდაც ეს კონკრეტული სივრცე მოწესრიგდეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები. ამიტომ, მივმართავთ ბაზრის ადმინისტრაციას — უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება," — განაცხადა კახა კალაძემ.

გუშინ, 21 სექტემბერს თბილისში "დეზერტირების ბაზრობასთან" გარემოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებდნენ. ადგილზე შეკრებილებმა გზაც გადაკეტეს, მაგრამ მოგვიანებით პოლიციამ ისინი გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა.

14 სექტემბერს კომპანია "თბილისი მოლმა" განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე არსებული კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამო, მასშტაბური გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. კომპანიის განმარტებით, სანიტარიული დარღვევები საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ