ჯესიკა ფლეტჩერი 11 წლის ჰანტერთან საკომუნიკაციოდ, რომელსაც არავერბალური აუტიზმი აქვს, სპეციალურ მოწყობილობას — სამეტყველო აპლიკაციის მქონე პლანშეტს იყენებს. გასულ მაისს, როცა დედა-შვილი რესტორანში იყო, მოწყობილობა მოულოდნელად გაფუჭდა და მათი კომუნიკაცია რთული გამოწვევის წინაშე დადგა.

"ბავშვი ვერ მეუბნებოდა, რისი ჭამა უნდოდა", — იხსენებს კანადაში მცხოვრები 32 წლის ჯესიკა PEOPLE-თან საუბრისას, — "ამიტომ, მიმტანს ფურცელი და კალამი ვთხოვე და ჰანტერს ანბანი ჩამოვუწერე, რადგან მანამდე მინახავს, როგორ აწყობდა სიტყვებს ასოებზე თითის მითითებით. თუმცა, ის ძალიან გაბრაზდა და განერვიულდა. ვერ ვხვდებოდი, რა ეწყინა, სანამ კალამი არ გამომართვა, ფურცელი არ ამოაბრუნა და კლავიატურის განლაგების დახატვა არ დაიწყო. მეც მივეხმარე ნახატის დასრულებაში, რის შემდეგაც, ჰანტერმა დახატულ კლავიატურაზე თითების დაჭერით ამიკრიფა, თუ რისი შეკვეთა სურდა".

ამ შემთხვევამ ჯესიკას გაუჩინა იდეა, მკლავზე კომპიუტერის კლავიატურა ამოესვირინგებინა, რათა ჰანტერს თითის დაჭერით მარტივად შესძლებოდა სათქმელის გადმოცემა. ეს გადაწყვეტილება ინტერნეტისთვის ინსპირაცია აღმოჩნდა და ჯესიკას ვიდეოც ვირუსულად გავრცელდა. გარდა ამისა, შეიქმნა ტანსაცმლის ხაზი კლავიატურის პრინტით, რათა აუტიზმის მქონე სხვა არამეტყველმა ბავშვებმაც შეძლონ კომუნიკაცია მაშინ, როცა სპეციალური მოწყობილობა ხელთ არ აქვთ.

"ეს ტატუ კარგად გვაჩვენებს, რომ არამეტყველი ადამიანებისთვის მხოლოდ ერთი საკომუნიკაციო საშუალების იმედად ყოფნა დიდი ბარიერია. მაგალითად, ჩვენი პლანშეტი წყალგამძლე არ არის ან რა უნდა ვქნათ მაშინ, თუ დენი გაითიშება? ამოსვირინგებულ კლავიატურაზე კი პირველი ორი ასოს შემდეგ, როგორც წესი, უკვე ვხვდები ხოლმე, ჰანტერი რის თქმას აპირებს", — ამბობს ჯესიკა.

ფოტო: Jessica Fletcher

ჰანტერი ჯესიკას ერთადერთი შვილია და საჯარო სკოლაში სწავლობს. მას არავერბალური აუტიზმის დიაგნოზი 3 წლის ასაკში დაუსვეს.

"ჰანტერმა ტატუ იმავე საღამოს გამოიყენა, როცა სკოლიდან დაბრუნდა. დანახვისთანავე ჩემს მკლავზე აკრიფა სიტყვა 'დედა'. მოგვიანებით კი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ეს ჩემი სხვა ტატუებივით სამუდამო იყო. ამის შემდეგ კი, მან აკრიფა 'მიყვარხარ, დედა', რაც ენით აუწერელი გრძნობა იყო", — დასძინა ჯესიკამ.

ჯესიკამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ იყენებს ჰანტერი ტატუ-კლავიატურას. ამ ვიდეოს უკვე 100 მილიონზე მეტი ნახვა და 2.3 მილიონი მოწონება აქვს.