პოლიტიკური სწავლების სკოლის მიერ ბახმაროში ჩატარებული "სემინარის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება და მხარდაჭერილია პირდაპირ ევროპის საბჭოს მიერ, საქართველოს მიმღებისთვის გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა", — ამის შესახებ ევროპის საბჭომ IPN-ს განუცხადა.

მათივე ცნობით, ევროპის საბჭოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ მათი მხრიდან არანაირი ჰონორარი არ ყოფილა გადახდილი არც არმაზ ახვლედიანისთვის და არც თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სხვა წარმომადგენლებისთვის აღნიშნულ სემინართან დაკავშირებით, თავად სემინარი კი ევროპის საბჭოს VC-პროექტის "სამოქალაქო დიალოგის მხარდაჭერა საქართველოში" და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის (TSPS) ერთობლივი აქტივობაა.

"სემინარი "დემოკრატიული კულტურის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი", რომელიც ბახმაროში 2026 წლის 18-19 სექტემბერს ჩატარდა, არის ევროპის საბჭოს VC-პროექტის "სამოქალაქო დიალოგის მხარდაჭერა საქართველოში"“ და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის (TSPS) ერთობლივი აქტივობა.

პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კონსულტაციით მომზადდა და, მათ შორის, მიზნად ისახავს დიალოგისა და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის გაძლიერებას, როგორც დემოკრატიის კულტურის საფუძვლებს.

სემინარი ხორციელდება და მხარდაჭერილია პირდაპირ ევროპის საბჭოს მიერ როგორც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობა და სკოლა არის პარტნიორი და მასპინძელი.

აქტივობა არ მოიცავდა გრანტის გადარიცხვას ქართველი მიმღებისთვის.

სემინარზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევით ხდებოდა და არ იყო ღია მედიისთვის. ღონისძიებაზე დასასწრები მოწვევები ფართოდ გავრცელდა პოლიტიკური სწავლების სკოლის (TSPS) კურსდამთავრებულებს შორის, რომლებიც პარტიული კუთვნილების მიხედვით განსხვავებულ მოსაზრებებს წარმოადგენენ; ეს მიზნად ისახავდა ღია და კონსტრუქციული დებატების ხელშეწყობას მრავალფეროვანი შეხედულებების გათვალისწინებით.

ევროპის საბჭოს მხრიდან არანაირი ჰონორარი არ ყოფილა გადახდილი არც არმაზ ახვლედიანისთვის და არც თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სხვა წარმომადგენლებისთვის აღნიშნულ სემინართან დაკავშირებით", — ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში, რომელსაც IPN ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. მონიტორინგის დაწყების საფუძველი სავარაუდო დარღვევა გახდა — კერძოდ, ორგანიზაციას გრანტი შესაძლოა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიეღო. ამის შესახებ ინფორმაცია 21 სექტემბერს გავრცელდა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა", რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს, 1999 წელს დაარსდა და მას პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.

აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს წინ უძღოდა შალვა პაპუაშვილის კრიტიკა, რომელიც ბახმაროში გასულ კვირას გამართულ სემინარს უკავშირდებოდა. მთავრობის პოზიციით, "გრანტების შესახებ" კანონის შესაბამისად, ევროსაბჭოს მიერ აღნიშნული სკოლის დაფინანსებას მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, თუმცა მათ მსგავსი თანხმობა არ გააჩნიათ.

"ბახმაროს შეხვედრასთან დაკავშირებით მიჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს საქართველოს კანონმდებლობისთვის გვერდის ავლასთან. მოდიოდა ხმები, რომ მოფიქრებული იყო კანონისთვის გვერდის ავლის სქემები. თუკი მანამდე ევროსაბჭო რადიკალი პოლიტიკოსის არმაზ ახვლედიანის პროექტს გრანტს აძლევდა, ახლა განმარტებებიდან ჩანს, რომ გრანტი არ მისცეს და პირდაპირ ევროსაბჭოს ადგილობრივმა ოფისმა იქირავა სასტუმრო, ავტობუსი, კვების ფული პირდაპირ ევროსაბჭოს ოფისმა გადაიხადა და ექსპერტებსა და მომხსენებლებს ფული მან გადაუხადა. თუკი ეს ასეა, კანონის გვერდის ავლასთან გვაქვს საქმე. ვინაიდან ჩვენ ნდობა არ გვქონდა, კანონში ახლაც არის ნორმა, რომ თუ ხელშეკრულება თავისი დასახელებით არის არა გრანტის, არამედ მომსახურების ხელშეკრულება, მაგრამ არსით ეს არის გრანტი, მაშინ ეს თვალთმაქცური გარიგებაა და გრანტად ჩაითვლება.

თეთრი ძაფით ნაკერ კანონისთვის გვერდის ავლას ჰგავს ყველაფერი. კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი ამაში აღმოჩნდება გახვეული. თუ ევროსაბჭო წევრ ქვეყანაში კანონს არღვევს და კანონისთვის გვერდის ავლას ცდილობს, ეს ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისისთვის კატასტროფული სკანდალი იქნება. აუდიტის სამსახური იმიტომ არის, რომ ეს ყველაფერი მოიკვლიოს. თუ ეს ასე აღმოჩნდება, საჭირო გახდება კანონმდებლობის გადახედვა, რადგან ეს იქნება ჩვენი ხალხის კანონების აბსოლუტური ფეხქვეშ გათელვა, როდესაც ამბობ, რომ ამიკრძალავ გრანტებს, მაშინ მოვძებნი სანქციებისთვის გვერდის ავლის გზას. ახლა ორგანიზაციებს გრანტს აღარ აძლევენ, მაგრამ NGO-ს თანამშრომლებთან პირდაპირ ხელშეკრულება იდება და მას წარმოადგენენ როგორც თავის თანამშრომელს", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.