ახლახან მიცემულ ინტერვიუში მეი მასკმა აღნიშნა, რომ ილონი სხვებისგან ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა. Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელის დედამ შვილის აღზრდაზე გადაცემა CBS Mornings-ში ისაუბრა და ახალი წიგნიც წარადგინა. მეი მასკის თქმით, ილონი გენიოსი ბავშვი იყო, რომელსაც ყოველთვის სურდა, სამყარო უკეთეს ადგილად ექცია.

"მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს, მაგრამ ამ პროცესში ბევრი ადამიანის გაღიზიანება უწევს", — აღნიშნა მეი მასკმა.

მეი მასკმა შვილი კრიტიკისგანაც დაიცვა და აღნიშნა, რომ მას ხშირად უსამართლოდ ექცევიან. "ადამიანები ბოროტები არიან. სრულიად უცხო ან ისეთი ადამიანები გაყენებენ შეურაცხყოფას, ცხოვრებაში რომ არაფრისთვის მიუღწევიათ. ეს ძალიან მაბრაზებს", — დასძინა მეიმ.

მეი მასკს შვილის განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობების შესახებ აქამდეც არაერთხელ უსაუბრია.The Telegraph-თან ინტერვიუში მეიმ განაცხადა, რომ ილონი ჯერ კიდევ სამი წლის იყო, როცა მასთან ერთად სხვადასხვა საკითხზე მსჯელობდა. მაგალითად, ბავშვი დედას ურჩევდა, როგორ დაეზოგა ფული საყიდლებზე.

ილონ მასკი ხშირად გამხდარა კრიტიკის სამიზნე ბიზნესგადაწყვეტილებების, პოლიტიკური აქტივობებისა და საჯარო განცხადებების გამო, მათ შორის იმ პერიოდშიც, როდესაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობდა. მეი მასკის თქმით, ილონს სჯერა, რომ მისი ყოველი ნაბიჯი როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე მთელი მსოფლიოს კეთილდღეობას ემსახურება. მეის კი სურს, რომ ეს საზოგადოებასაც ესმოდეს და გაიაზროს.