საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპატიმროში მყოფი ექსპრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ მე-7 წერილს ფეისბუქ-ლაივში ეხმაურება.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არც გამოძიებაა დამოუკიდებელი და არც სასამართლო და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ამ პრობლემის ახლა აღმოჩენა სამწუხაროა.

"ამ ქვეყანაში არც გამოძიება არაა დამოუკიდებელი, არც სასამართლო, ახლა თუ აღმოაჩინა პრემიერმა, ცოტა სამწუხაროა და ვწუხვარ მისთვის. მაგრამ ის, რასაც აღწერს თავის წერილში პრემიერი, ეს არის ე.წ. ამ რეჟიმის სახე — გარიგებები, გადაგდებები, ორგულობა, ერთმანეთის დასმენა, ერთმანეთთან ფულების მიტანა და მერე ისევ გამოტანა... ანუ სასწაული, რაღაცა სურათია, კოშმარული, თვითონ ხატავენ ამ სურათს. ეს ხომ ოპოზიციის აღწერილი არ არის, ეს არის თვით მათი წევრებისგან აღწერილი საზარელი სურათი, თუ როგორ შეიძლება იყოს ის გუნდი, რომელიც ფლობს და მართავს ამ ქვეყანას.

...დამთავრდა ეს რეჟიმი, მისი სიკვდილი გრძელდება, მაგრამ დღეს ვართ გადასული რაღაცა მახინჯ, მანკიერ ფორმატში, სადაც ვერ იტყვი, რომ ვიღაცას აქვს პოლიტიკური წონა, რომ ვიღაცა ძლიერია, იმიტომ რომ პოლიტიკური კონკურენტია — ასეთი რამეები აღარ არის. აქ არის მხოლოდ გარიგებები და ერთმანეთის დაბეზღება, დაბეზღება უფროსთან... სხვათა შორის, ღარიბაშვილი ჯერ კიდევ იმ პოზაშია, რომ "სტალინმა არ იცოდა", ყველა დანარჩენები არიან დამნაშავეები, მაგრამ ის არა... ეს არის მათი შიდა სამზარეულო, საკმაოდ ბინძური სამზარეულო და არავითარი კავშირი არა აქვს ამას პოლიტიკასთან", — აცხადებს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რიგით მეშვიდე წერილი ირაკლი ღარიბაშვილმა 21 სექტემბერს გამოაქვეყნა. წერილში ექსპრემიერი წერს, რომ მას ხელისუფლების მხრიდან გადასცეს გზავნილი: პოლიტიკა უნდა დაევიწყებინა, სანაცვლოდ კი დაჰპირდნენ, რომ ციხეში არც ერთ დღეს არ გაატარებდა, მიიღებდა მრავალწლიან პირობით სასჯელსა და ჯარიმას. მისი თქმით, 4 იანვარს პირობები მოულოდნელად შეიცვალა და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მიუხედავად იმისა, რომ ბრალი უკვე აღიარებული ჰქონდა და საპროცესო შეთანხმებას ელოდებოდა.