პარლამენტი მიიღო ცვლილებები "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში, რომელიც ბიზნესსა და მოქალაქეებს მნიშვნელოვან შემსუბუქებებს შესთავაზებს, მათ შორის ათასობით კომპანიას დავალიანებები ჩამოეწერება, შემცირდება ჯარიმის ოდენობა და დასაქმებულთა ინტერესების დაცვის დამატებითი მექანიზმები ამოქმედდება.

როგორც bm.ge წერს, ცვლილებების თანახმად, ერთჯერადი ამნისტია შეეხება 2025 წლის 1-ელი მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარე დაკისრებულ და გადაუხდელ ჯარიმებს. 2026 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით, კანონპროექტი ეხებოდა 48 069 ჯარიმას, 13 488 დამსაქმებელს და ჯამში 42.9 მლნ ლარის ოდენობის ადმინისტრაციულ სახდელს.

როგორც საპენსიო ფონდში განმარტავენ, ერთჯერადი სახელმწიფო ღონისძიება ბიზნესს საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილოს სანქციები.

დამსაქმებლები დაგროვებით საპენსიო სისტემაში გადაუხდელი შენატანების გამო დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლებას შეძლებენ, თუ 2026 წლის 31 დეკემბრამდე სრულად დაფარავენ ძირითად საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ საურავს.

შეღავათი შეეხება იმ ჯარიმებს, რომლებიც 2026 წლის 18 სექტემბრამდე იყო დაკისრებული და 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებს ეხება. ამისთვის დამსაქმებლებს დამატებითი განცხადების წარდგენა არ დასჭირდებათ — ჯარიმა ავტომატურად გაუქმდება.

15 ოქტომბრიდან კი საპენსიო შენატანის გადაუხდელობისთვის ჯარიმა 300 ლარი იქნება, თუმცა თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღეში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მიუღებელ სარგებელს, ჯარიმა ასევე გაუქმდება.

ინფორმაცია დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის შესახებ 15 ოქტომბრიდან საპენსიო ფონდისა და შემოსავლების სამსახურის პორტალებზე განთავსდება. საკუთარი ბალანსისა და შესასრულებელი ვალდებულებების შესამოწმებლად დამსაქმებლებს შეუძლიათ ეწვიონ საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდს — www.pensions.ge, ხოლო დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე: 14 80.