"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" აფგან სადიგოვის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი წარადგინა. საქმე ეხება 2026 წლის აპრილში სოციალურ ქსელში (Facebook) გამოქვეყნებული პოსტის გამო ჟურნალისტის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემასა და საქართველოდან აზერბაიჯანში იძულებით გაძევებას.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 3 აპრილს სასამართლომ სადიგოვს საქართველოში მოქმედი შეზღუდვები გაუუქმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, თითქოს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. მიუხედავად ამისა, უკვე მეორე დღეს, 4 აპრილს, ის საკუთარ სახლში დააკავეს. სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა, ქვეყნიდან გააძევა და საქართველოში შემოსვლა 3-წლით აუკრძალა, იმავე ღამეს სადიგოვი აზერბაიჯანში გადაიყვანეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სტრასბურგის სასამართლოში კონვენციის რამდენიმე ფუნდამენტური მუხლის დარღვევაზე მიუთითებს.

გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი) და სამართლიანი სასამართლოს უფლება (მე-6 მუხლი): ორგანიზაციის შეფასებით, ფეისბუქპოსტის გამო სადიგოვის დასჯამ და გაძევებამ მისი გამოხატვის თავისუფლება მძიმედ დაარღვია, ხოლო სასამართლო პროცესი სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების დარღვევით წარიმართა.

უფლებების შეზღუდვის ფარული მიზნები (მე-18 მუხლი): სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ აზერბაიჯანში დაბრუნებისთანავე სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმე განახლდა და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა სწორედ იმ ბრალდებებზე, რომლებზეც ადრე მისი ექსტრადიციის საქმე მიმდინარეობდა.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" წერს, რომ ორგანიზაცია აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება სრულად წაიკითხეთ აქ.

შეგახსენებთ, აფგან სადიგოვი 4 აპრილს დააკავეს. დილის 4 საათზე კი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მისი სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

სადიგოვის დაკავებას საფუძვლად დაედო 1-ელ აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა:

"იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და "პაგონების" სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ."