ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს — ინფორმაციას გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

მათი ცნობით, მოხუცი ხევის განაპირას მდებარე სახლში მარტო ცხოვრობდა. მასთან თავდამსხმელი სახლში სავარაუდოდ გვიან ღამით შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ქალი გააუპატიურა, როცა მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა.

"მთავარი ამბები კახეთიდან" წერს, რომ თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც ქალი ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა და ცხედრის დაწვით დანაშაულის კვალის დაფარვას შეეცადა.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.