თბილისის მერის მოადგილის კახა აბულაძის განმარტებით, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების დროებით ამოღება დაკავშირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებთან, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ დაავადების მიმდინარეობისას არ მოხდეს რძის პროდუქტისა და სხვა ცხიმიანი საკვების მიღება. ამის შესახებ აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"ცვლილებები მხოლოდ კვების მიმართულებით არ ყოფილა. საგანგებო რეჟიმი გულისხმობს, მათ შორის, სანიტარული და ჰიგიენური მიმართულების სხვა რეჟიმს, რომელიდ ადაპტირებულია ბაღებში ვირუსული პერიოდისას. რაც შეეხება კონკრეტულად რძის პროდუქტს, იქ მხოლოდ რძის პროდუქტზე არ არის საუბარი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ეს თავის განცხადებაშიც და ჩვენ ამ რეკომენდაციებს დავეყრდენით — დაავადების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, რომ დაავადებულის მხრიდან არ მოხდეს რძის პროდუქტის მიღება, ცხიმის შემცველი პროდუქტის მიღება, ასევე, შემწვარი და სხვა ტიპის პროდუქტების მიღება. ეს დაავადებას კიდევ უფრო ამწვავებს. ეს რეკომენდაცია 3-4 დღით მოგვეცა. ეს პერიოდი უკვე გადის და ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება საბავშვო ბაღებს, თავისი კალორაჟით", — განაცხადა კახა აბულაძემ.

შეგახსენებთ, რომ 22 სექტემებრს გავრცლედა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, გასულ კვირას თბილისის 20 ბაღში 55 აღსაზრდელისა და ერთი აღმზრდელის ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.