აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დეკემბერში მაიამიში გასამართ G20-ის ლიდერების სამიტზე მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ ის შეხვედრას დაესწრება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ჩვენ მივიპატიჟეთ პრეზიდენტი პუტინი ამ შეხვედრაზე. მიგვაჩნია, რომ ეს არის შესაძლებლობა მისთვის, ჩაერთოს დიალოგში არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ სხვა მსოფლიო ლიდერებთანაც. ვიმედოვნებთ, რომ ის ამ მოწვევას მიიღებს", — განაცხადა რუბიომ.

მისივე თქმით, "კარგი იქნება", თუ ტრამპი და პუტინი მაიამიში შეხვდებიან.

"მათ უკვე რამდენჯერმე ისაუბრეს ტელეფონით. ზუსტი რიცხვი არ ვიცი, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თანამდებობა დაიკავა, ვფიქრობ, მათ სულ მცირე 10-ჯერ მაინც ისაუბრეს. ასე რომ, დიახ, ჩვენ ღია ვრჩებით დიალოგისთვის", — თქვა რუბიომ.

რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "იდეალური ვარიანტი იქნებოდა შეხვედრა, რომელიც კონკრეტულ შედეგს გამოიღებდა".

მან აღნიშნა, რომ პრობლემების მოსაგვარებლად "საჭიროა შეხვდე მათ, ვისაც არ ეთანხმები, ან ვისთანაც ურთიერთობაში გარკვეული წინააღმდეგობები შეიძლება წარმოიშვას".