პრემიერი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები.

"მოხარული ვარ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრით. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები", — წერს კობახიძე.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხანგრძლივი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის ფაქტი, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების მთავარი თემა სწორედ მშვიდობა, უსაფრთხოება და მდგრადი განვითარებაა, ამ საკითხის განსაკუთრებულ აქტუალობაზე მიუთითებს.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას და უსაფრთხოების გამოწვევებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის — "აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" მნიშვნელობას.