პარტია გახარია საქართველოს დამფუძნებელი და ექსპრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი ამ დრომდე არაა. როგორც მან პლატფორმა X-ზე დაწერა, "საინტერესო" იქნება იმის ნახვა, "თუ რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელიც მუდმივად აცხადებს, რომ არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზაა".

"წინა კვირას ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა - პარლამენტში მყოფი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის.

დღემდე, ეს "სარჩელი" მიუწვდომელია - არც საჯაროა და არც ჩვენთვისაა ხელმისაწვდომი.

საკმაოდ "საინტერესო" იქნება იმის ნახვა, თუ რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელიც საპარლამენტო მანდატებს ფლობს და მუდმივად აცხადებს, რომ არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზაა", — წერს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის გახარია საქართველოსთვის აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ, 14 სექტემბერს, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, არ ითხოვენ, რომ გახარიას პარტიას დეპუტატებისთვის მანდატები შეუწყდეთ პარლამენტსა და საკრებულოებში.

აღსანიშნავია, რომ გახარია საქართველოსთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში შევიდა, ხოლო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და საკრებულოებში 26 მანდატი მოიპოვა. აქამდე ქართული ოცნება სწორედ პარტიის არჩევნებში მონაწილეობას და მის მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ ორგანოებში მანდატების მიღებას ასახელებდა არგუმენტად, თუ რატომ არ მოითხოვდა გახარია საქართველოსთვის აკრძალვას თავდაპირველ საკონსტიტუციო სარჩელში. ახლა კი მმართველი გუნდი სხვა პარტიებთან ერთად, უკვე ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვასაც ითხოვს.