ევროკავშირმა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, გაეროში უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს, თუმცა შეერთებულმა შტატებმა განცხადებას ხელი არ მოაწერა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დოკუმენტი გაეროს უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის სხდომამდე გავრცელდა. ხელმომწერებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას და ღრმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ მთელი უკრაინის მასშტაბით სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში უკრაინა სრულ, უპირობო და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა.

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, საბოლოოდ იგივე გააკეთოს — ეს არის მშვიდობისკენ მიმავალი კონსტრუქციული დიპლომატიისა და მოლაპარაკებების აუცილებელი ნაბიჯი", — ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, უზრუნველყოს უკრაინაში ყველა უკანონოდ დაკავებული, იძულებით გადაადგილებული ან დეპორტირებული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის, განსაკუთრებით ბავშვების, აგრეთვე ყველა სამხედრო ტყვისა დაუყოვნებლივი დაბრუნება, როგორც ნდობის აღდგენის მნიშვნელოვანი ზომები.

"უკრაინა ეძებს მშვიდობას. ჩვენ ვეძებთ მშვიდობას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია, დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტას და კონსტრუქციულად ჩაერთოს მოლაპარაკებებში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად", — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას მხარი დაუჭირა ევროკავშირმა და 50-მა ქვეყანამ. ეს ქვეყნებია: უკრაინა, ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, კოსტა-რიკა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ჰონდურასი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, კორეის რესპუბლიკა, მოლდოვას რესპუბლიკა, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო.

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს, ხელმომწერ ქვეყნებს შორის არ არის.