უნგრეთის სადავო "ოქროს ვიზის" პროგრამასთან ისრაელ-ქართველი ბიზნესმენის, შაბთაი მიქაელის კავშირის შესახებ უნგრული საგამოძიებო გამოცემა Direkt36 კონფიდენციალურად მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შაბთაი მიხაელი 2025 წელს უნგრეთში საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნა.

რა არის პროგრამა "ოქროს ვიზა"?

"ოქროს ვიზა" არის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანაში დიდი მოცულობის ინვესტიციის სანაცვლოდ ბინადრობის უფლების მიღება შეუძლია. უნგრეთის შემთხვევაში, კონკრეტულად ამ პროგრამაში, უცხოელებს ბინადრობის უფლება ეძლეოდათ 250–300 ათასი ევროს სახელმწიფო ობლიგაციებში ინვესტირების სანაცვლოდ. პროგრამა 2013-2017 წლებში მოქმედებდა და შემდეგ შეჩერდა.

პროგრამის შექმნის ინიციატორი იყო ანტალ როგანი, უნგრეთს ექსპრემიერ ვიქტორ ორბანის პარტია ფიდესის გავლენიანი პოლიტიკოსი და იმ დროს უნგრეთის პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე. მან 2012 წელს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც პარლამენტმა იმავე წელს მიიღო, ხოლო ბინადრობის ობლიგაციების პროგრამა პრაქტიკულად 2013 წელს ამოქმედდა.

აღნიშნული პროგრამა ფიდესის ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე სადავო ინიციატივად იქცა. პროგრამის ფარგლებში პირებს, რომლებიც უნგრეთის სახელმწიფო ობლიგაციებში 250-300 ათას ევროს დააბანდებდნენ, უნგრეთში ბინადრობის უფლება ეძლეოდათ.

პროგრამის ყველაზე მეტად გაკრიტიკებული ნაწილი ის იყო, რომ უცხოელები ბინადრობის სახელმწიფო ობლიგაციებში პირდაპირ არ აბანდებდნენ ფულს — ინვესტიციები ხორციელდებოდა სპეციალურად შერჩეული შუამავალი კომპანიების მეშვეობით, რომელთა მფლობელობის სტრუქტურებიც გაუმჭვირვალე იყო. ამ კომპანიებს პროგრამის შექმნის დროს უნგრეთის პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტი არჩევდა, რომელსაც იმ პერიოდში ანტალ როგანი ხელმძღვანელობდა. უნგრეთის ბინადრობის ობლიგაციებით ვაჭრობა ამ კომპანიებისთვის საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა — ისინი თითოეული ინვესტორისგან 40-დან 60 ათას ევრომდე მომსახურების საფასურს იღებდნენ.

რა კავშირი აქვს "ოქროს ვიზის" პროგრამასთან უნგრეთში საქართველოს საპატიო კონსულს?

უნგრული მედიის ცნობით, შაბთაი მიქაელი მონაწილეობდა VolDan-ის საქმიანობაში — კომპანიის, რომელსაც რუსეთსა და პოსტსაბჭოთა რამდენიმე ქვეყანაში უნგრეთის ბინადრობის ობლიგაციების გაყიდვის უფლება ჰქონდა. მიქაელის სახელი და ხელმოწერა კომპანიის ერთ-ერთი კლიენტის დოკუმენტშია აღმოჩენილი, ხოლო სხვა მასალაში მისი პირადი ელექტრონული ფოსტაც ფიგურირებს.

შაბთაი მიქაელი

შაბთაი მიქაელი

ფოტო: timesofisrael.com

შაბთაი მიქაელიმ Direkt36-ს ტელეფონით განუცხადა, რომ "ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ ჰქონია". როდესაც მასზე არსებული დოკუმენტების შესახებ ჰკითხეს, თქვა, რომ ჩვენი კითხვების მოსმენაც კი არ სურდა, რის შემდეგაც სამართლებრივი პროცედურების დაწყებით დაგვემუქრა.

VolDan Investments Limited რეგისტრირებულია ლიხტენშტაინში, ევროპის მინი-სახელმწიფოში, სადაც კომპანიების მფლობელობის სტრუქტურის საჯარო რეესტრიდან დამალვა შესაძლებელია.

ბინადრობის პროგრამის ამოქმედებისას უნგრეთის პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტი აცხადებდა, რომ VolDan-ის მმართველი დირექტორი ლიხტენშტაინელი ბიზნესმენი იოზეფ ჰერმანი იყო, რომელმაც კომპანია ასევე ლიხტენშტაინელ ვალტერ ვახტერთან ერთად დააფუძნა. მოგვიანებით კი უნგრულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ VolDan-ის რეალური მფლობელი, სავარაუდოდ, არპად ჰაბონთან დაახლოებული ბიზნესმენი შაბთაი მიქაელი იყო.

ობლიგაციების გამყიდველების უკან — საცხობი

მედია-პუბლიკაციები მიუთითებდა, რომ ჰაბონს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართულ-ისრაელის ბიზნესწრესთან, რომელიც საცხობების ქსელ "პრინცესს" მართავს და რომელიც ბიზნესმენ მაიკლ გაგელთან პარტნიორობდა. 2016 წელს უნგრულმა მედიამ დაწერა, რომ VolDan ბინადრობის ობლიგაციების ბიზნესში სწორედ გაგელ-მიქაელის ბიზნესწრის ადამიანებსა და ინფრასტრუქტურას იყენებდა, მოგვიანებით კი გავრცელდა VolDan-ის ხელშეკრულების შაბლონი, სადაც მიქაელი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლად იყო მითითებული. თავად მიქაელი და გაგელი VolDan-თან კავშირს უარყოფდნენ, თუმცა Direkt36-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ მიქაელის სახელი და ხელმოწერა VolDan-ის კლიენტის დოკუმენტებში ფიგურირებს, ხოლო კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ წერილში მისი პირადი Gmail-მისამართია მითითებული.

გავლენიანი რუსი კლიენტები

2013-2017 წლებში მოქმედი უნგრეთის "ოქროს ვიზის" პროგრამის ფარგლებში ინვესტორებსა და მათი ოჯახის წევრებისთვის თითქმის 20 000 მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცა, მათ შორის — 1 265 რუსეთის მოქალაქისთვის; Direkt36-ის ცნობით, რუს ინვესტორებს შორის რუსეთის მმართველი ელიტის წარმომადგენლებიც იყვნენ. ამ პროგრამის ფარგლებში VolDan თითოეული ინვესტორისგან 60 ათას ევროს იღებდა და, ჯამში, 23 მილიონ ევროზე მეტი შემოსავალი მიიღო.

გამოძიება

2026 წლის ზაფხულში უნგრეთის პოლიციამ ბინადრობის ობლიგაციების პროგრამის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის მიზეზი Transparency International-ის მიერ შეტანილი განცხადება იყო, რომელშიც ორგანიზაცია მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამომწვევი არაკეთილსინდისიერი ქონების მართვის ეჭვზე მიუთითებდა. საქმე თავდაპირველად პროკურატურაში შევიდა, შემდეგ კი ბუდაპეშტის პოლიციას გადაეცა.