კახეთში, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და კანაფის მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 3 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 100 კილოგრამამდე კანაფი, 115 გრამამდე მარიხუანა და დასაფასოებელი მასალები ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო ნაკვეთების და ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკისას, 100 კილოგრამამდე მცენარე "კანაფი" და 115 გრამამდე "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.