27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები — "აფხაზთა კრება" და პარტია თავისუფლების მოედანი ავრცელებენ.

"27 სექტემბერი შეგვახსენებს, ვინ არის საქართველოს საუკუნოვანი მტერი, რომელმაც 1992 წელს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩანასახშივე გასანადგურებლად აფხაზეთში 1-წლიანი სისხლიანი ომი წამოიწყო და ქართველებს გენოციდი მოგვიწყო.

საქართველოს დღესაც იგივე მტერი ჰყავს, თუმცა ამავდროულად ქვეყანას ამ მტრის ბუნებრივი მოკავშირე, ივანიშვილის რეჟიმი მართავს, რომელიც ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორია გადაწეროს, მტერი და მოყვარე ერთმანეთში აგვირიოს, საზოგადოების დემორალიზებასა და დეზორიენტირებას მიაღწიოს, ქვეყანას მოკავშირეები ჩამოაშოროს და 90-იანი წლების მსგავსად, საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო დატოვოს.

ამ ომში დაღუპული გმირებისა და გენოციდის მსხვერპლთა წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ხსოვნა არ არის.

მათი მსხვერპლი გვავალდებულებს, არ მივცეთ რუსეთს სისხლიანი ომიდან 33 წლის თავზე ვასალი რეჟიმის გამოყენებით თავისი ამოცანების შესრულების, საქართველოს ბუნებრივი წიაღიდან, თავისუფალი სამყაროდან ჩამოშორების და ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განადგურების შესაძლებლობა.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, ჩვენი მტრის მოკავშირე რეჟიმი ძალაუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ, ქვეყნის შიგნით მტრის ინფილტრაცია გავანეიტრალოთ, თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ, ძლიერი მოკავშირეები შევიძინოთ და თავისუფალ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაციით ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ.

27 სექტემბერს, 19:00 საათზე შევიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მსვლელობით მივალთ გმირთა მემორიალთან საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად.
დიდება გმირებს! აფხაზეთი საქართველოა! რუსეთი მტერია!", — წეროს ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.