2026 წლის 23 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში — "კეთილდღეობა მშვიდობის გზით: ინვესტირება ტრანსკასპიურ სავაჭრო მარშრუტსა და TRIPP-ის ინიციატივაში", რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ლაშა დარსალიამ ისაუბრა ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაძლიერებაში.

ამ კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, რეგიონში მშვიდობა და დაკავშირებადობის გაძლიერება ქმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობისთვის.

ლაშა დარსალიამ ასევე ისაუბრა შუა დერეფნისა და TRIPP-ის ინიციატივის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მათი განვითარება ხელს შეუწყობს რეგიონული კავშირების გაძლიერებას, სავაჭრო და სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას.

გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო კავშირებს და ხელს შეუწყობს შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებას.

ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში.

პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ბრენდან ჰენრიჰანი, სამშვიდობო მისიების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები. სესიას მოდერაციას უწევდა უფროსი მრჩეველი არიე ლაითსტოუნი.