თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ოპერისა და ბალეტის თეატრთან და პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები ავარიულ მდგომარეობაშია და მათი გამაგრება მიმდინარეობს.

კახა კალაძე მის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად რუსთველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას კალაძემ განაცხადა, რომ სამუშაო პროცესები აქტიურად მიმდინარეობს. მერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ რუსთაველის გამზრის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

"სამუშაო პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. პირველ რიგში, მთლიანად წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რადგან უმძიმეს მდგომარეობაში იყო და დიდ პრობლემას წარმოადგენდა როგორც გადაადგილების თვალსაზრისით, ისე გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობებისთვის. ამ ეტაპზე რაიმე სახის დაბრკოლება არ გვაქვს. სამუშაოები კარგ ტემპში მიმდინარეობს, მუშაობს ყველა შესაბამისი კომპანია. როგორც შეგპირდით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება და ყველაფერი მოწესრიგდება.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ. ვისაც არ ეზარება, ყველანაირ სიცრუეს ავრცელებს, თუ რაიმე შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა. ამიტომ, არ დაუჯეროთ არავის. თუ რაიმე სათქმელი იქნება, ჩვენ ყოველთვის მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მოსახლეობას განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ასეთ მნიშვნელოვან სამუშაოს და მნიშვნელოვანი გამზირის რეაბილიტაციას. რაც შეეხება მიწისქვეშა გადასასვლელებს, როგორც ოპერის წინ, ისე კლასიკური გიმნაზიის წინ არსებული გადასასვლელი ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს გამაგრების სამუშაოებს“, — განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, თვის ბოლოს სარეაბილიტაციო ობიექტებზე საკომუნიკაციო კომპანიები დაასრულებენ მუშაობას, რომლის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყება.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და "თბილისი ენერჯი" თვის ბოლოდან გავლენ ობიექტიდან. ძველიდან ახალ მილებზე გადაერთების სამუშაოები დარჩება, რომელიც საგზაო მიმართულებით შეფერხებას არ გამოიწვევს. ამ პერიოდიდან უკვე სრული მასშტაბით დაიწყება საგზაო მიმართულებით მუშაობა — პირველ ეტაპზე, დარჩენილ მონაკვეთებზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა, შემდეგ კი გზის საფუძვლის მომზადება და ბოლო ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება. პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ ტროტუარებზე - ეწყობა არხები, სადაც შემდეგ კაბელები განთავსდება. დაწყებული გვაქვს გამზირის ბუნებრივი ქვით მოპირკეთების სამუშაოებიც," — განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.