გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა და აღნიშნა, რომ ის უნდა შეჩერდეს. ზეწლენსკიმ ინგლისურად დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ რუსეთის ლიდერი მუდმივად ცდილობს ახალი ტერიტორიების დაკავებას და ომის მასშტაბების გაზრდას.

"როგორც ჩანს, რაღაც ყოველთვის უშლის ხელს პუტინს, უბრალოდ თქვას: "ეს არის. საკმარისია. მშვიდობა". რაღაც ყოველთვის უშლის ხელს, შეეგუოს იმ აზრს, რომ ის საკუთარი 17 მილიონი კვადრატული კილომეტრი, რომელიც ყველას მიერ საერთაშორისოდ არის აღიარებული, საკმარისი უნდა იყოს ამ ადამიანისთვის.

პუტინი მუდმივად ეძებს ვინმეს, ვინც დაეხმარება მას იმაში, რომ უფრო მეტი მოკლას, მეტი ადამიანი შეიწიროს მიწის ყოველი კილომეტრისთვის, დაიპყროს მეტი ტერიტორია და წაიღოს სხვა ქვეყანა, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გაჩერდეს და საკუთარ ქვეყანას მიხედოს. ამ ყველაფრის შემდეგ, შეგიძლიათ თუ არა მისი წარმოდგენა ომის გარეშე?

ის არის ნულოვანი პაციენტი, ის, ვისგანაც ომის იდეა სულ უფრო ფართოდ ვრცელდება. და სადაც არ უნდა გავრცელდეს, მას მხოლოდ ტკივილი, არასტაბილურობა, ახალი რისკები და, რა თქმა უნდა, ახალი კრიზისები მოაქვს. რაც უფრო მეტი თავისუფლება აქვს პუტინს მოქმედებისთვის, მით უფრო სახიფათო ხდება სამყარო ყველა დანარჩენისთვის. სწორედ ამიტომ უნდა შეჩერდეს ნულოვანი პაციენტი. მას უნდა წაერთვას მოქმედებისა და ამ ბოროტების შემდგომი გავრცელების სივრცე", — აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.