საქართველომ რუსეთის ფედერაციას ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა — ინფორმაციას რუსეთის პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულები არიან დიმიტრი პუშკარიოვი და კორნეი ფედუნოვი.

პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წელს პუშკარიოვმა შეიძინა ნარკოტიკების დიდი პარტია, რომელიც მაგადანის ოლქში ჩაიტანეს. სადაც ფედუნოვმა და სხვა თანამზრახველებმა ისინი, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სარეალიზაციოდ დამხმარე სათავსოში განათავსეს.

2024 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე ბრალდებულები და სხვა პირები მაგადანის ოლქში მდებარე რძის ფერმაში ნარკოტიკული მცენარეების კულტივირებით იყვნენ დაკავებულნი. ეს მცენარეები შემდგომში გამოიყენებოდა ნარკოტიკების დასამზადებლად, რომლებიც პუშკარიოვის კუთვნილ დამხმარე სათავსოში ინახებოდა. ფერმის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა უკანონოდ შენახული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.

გარდა ამისა, პუშკარიოვი პირადად ხელმძღვანელობდა ონლაინმაღაზიას, რომელიც უკანონო ნივთიერებების გასაყიდად გამოიყენებოდა. ბრალდებულებს რუსეთში დაუსწრებლად შეეფარდათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რის შემდეგაც მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პუშკარიოვისა და ფედუნოვის ექსტრადიციის მოთხოვნით მათ საქართველოს მიმართეს.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება განაახლა.

ბურჯანაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთი ევროსაბჭოდან გაირიცხა, საქართველო რუსეთში პატიმრების ექსტრადიციას არ ახდენდა. საქართველომ ევროსასამართლოშიც გამოთქვა მზაობა, რომ აღნიშნულ მორატორიუმს საბოლოო კონსენსუსამდე შეინარჩუნებდა.

საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"