ზაფხულის დასრულებასთან ერთად, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, სად დავგეგმოთ შემდეგი მოგზაურობა. როცა სამთო კურორტზე ვფიქრობთ, არჩევანი ხშირად რამდენიმე ნაცნობ მიმართულებაზე ჩერდება. თუმცა არსებობს ადგილი, რომელიც ზღვისპირა აჭარასთან სიახლოვეს მაღალმთიან ბუნებას, თოვლიან ზამთარსა და ზაფხულის თავგადასავლებს აერთიანებს — გოდერძი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ცნობილმა ევროპულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations 2025 წლის იანვარში გოდერძი ევროპის სასრიალო მიმართულებად (Best Snow Destination in Europe) დაასახელა, სადაც მან კონკურენცია ევროპის წამყვან კურორტებს გაუწია.

ზღვის დონიდან 2025 მეტრზე მდებარე კურორტი გოდერძის უღელტეხილზე, მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს. შავი ზღვის სიახლოვე უხვ ნალექსა და სტაბილურ ბუნებრივ თოვლს განაპირობებს. ბათუმიდან კურორტამდე მანძილი 109 კილომეტრია. აღსანიშნავია, რომ გოდერძამდე მისვლა არა მხოლოდ ბათუმის გავლით, არამედ ალტერნატიული მარშრუტით — ადიგენის ხეობიდანაცაა შესაძლებელი, რაც საშუალებას გაძლევთ, ბათუმში შესვლისა და ქალაქის გავლის გარეშე, პირდაპირ მოხვდეთ კურორტზე.

თოვლიანი ზამთარი

გოდერძის მთავარი უპირატესობა ბუნებრივი თოვლია. სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო იანვარი და თებერვალი სრიალისთვის საუკეთესო პერიოდია. კურორტზე ხელმისაწვდომია როგორც საშუალო სირთულის, ისე რთული ტრასები, დამწყებთათვის კი სპეციალური სასწავლო მონაკვეთიცაა გამოყოფილი. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. კურორტის კიდევ ერთი გამორჩეული მხარე გაუკვალავ თოვლში სრიალის შესაძლებლობაა — როგორც ალპურ ზონაში, ისე წიწვოვან ტყეებსა და სოფლების მიმდებარე ფერდობებზე. ეფექტური ტრანსპორტირებისთვის ადგილზე ფუნქციონირებს ავსტრიული კომპანიების მიერ აშენებული თანამედროვე 8-ადგილიანი გონდოლა და 6-ადგილიანი საბაგიროები.

გოდერძი მხოლოდ თხილამურებით სრიალის მოყვარულებისთვის არ არის. კურორტის ბუნებრივი გარემო მას ოჯახური დასვენებისთვისაც საინტერესო მიმართულებად აქცევს — აქ შეგიძლიათ რამდენიმე დღით ქალაქის ხმაურს გაერიდოთ, სუფთა მთის ჰაერი ჩაისუნთქოთ, ტყეში გაისეირნოთ და ბავშვებთან ერთად ბუნებაში გაატაროთ დრო. გოდერძიზე დასვენება მხოლოდ სრიალით არ შემოიფარგლება და კურორტის კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა ოჯახებსაც საუკეთესო პირობებს უქმნის.

მთა და ზღვა

გოდერძის მდებარეობა იძლევა შესაძლებლობას, ერთ მოგზაურობაში გააერთიანოთ ზღვისა და მთის გამოცდილება. ეს იდეალური მიმართულებაა მათთვის, ვინც ეძებს ახალ მარშრუტებს და მთაში დასასვენებლად რთული და ხანგრძლივი მგზავრობა არ სურს. დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთათვის კურორტი მარტივ საშუალებას ქმნის, სწრაფად დაგეგმონ რამდენიმედღიანი დასვენება და სრულიად განსხვავებული გარემო აღმოაჩინონ.

გაზაფხული და ზაფხული გოდერძიში

კურორტის მთავარი თავისებურება ისაა, რომ დასვენება თოვლის დნობასთან ერთად არ მთავრდება — მოგზაურები მას ოთხი სეზონის კურორტად მოიხსენიებენ. თბილ თვეებში აქ ალპური და ტყიანი ზონები ლაშქრობის, ცხენით, ველოსიპედითა თუ კვადროციკლით გასეირნების მოყვარულებს იზიდავს. ახლომდებარე ბეშუმი, მწვანე ტბა და გოდერძის ალპური ბაღი ვიზიტორთათვის დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის.

გოდერძი შესანიშნავი არჩევანია ჯგუფური ტურებისა და სამეგობროებისთვისაც, რადგან აქ თითოეულ სტუმარს შეუძლია საკუთარი ინტერესების მიხედვით დაგეგმოს დღე: სანამ ერთი აქტიური თავგადასავლით არის დაკავებული, სხვას შეუძლია ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნოს, გარემო მოიაროს ან უბრალოდ დაისვენოს.

სამომავლო პერსპექტივა

ბოლო წლების განმავლობაში, გოდერძის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს როგორც მთავრობა, ისე კერძო სექტორი, რისთვისაც შემუშავდა სახელმწიფო განვითარების გეგმაც. კურორტზე სხვადასხვა პროექტი ხორციელდება — იდება ინვესტიციები, შენდება ახალი სასტუმროები, კოტეჯები და კვების ობიექტები. იგეგმება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც,მათ შორის ზამთარში გზების ხშირი გაწმენდა და კომუნალური ქსელების განვითარება, რომ ადგილი მრავალპროფილურ, ოთხივე სეზონზე აქტიურ კურორტად ჩამოყალიბდეს.

თუ საქართველოში ისეთ მიმართულებას ეძებთ, სადაც სეზონის ცვლილებასთან ერთად მოგზაურობის შთაბეჭდილებებიც იცვლება, გოდერძი სწორედ ასეთი ადგილია — ზამთარში თოვლიანი ფერდობებით, ზაფხულში მწვანე ბილიკებით და წლის ნებისმიერ დროს უნიკალური გამოცდილებით.