არასრულწლოვანების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე "ნაცისტურ-ფაშისტური" იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებისთვის წარსულშიცაა ნასამართლევი.

გამოძიების ინფორმაციით, 2023 წელს „ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა თანამოაზრეებთან ერთად ნაცნობი მოტყუებით თბილისში, ერთ-ერთ მიტოვებულ ტერიტორიაზე წაიყვანა, სადაც მათ არასრულწლოვანს ჯგუფურად სცემეს და ბლაგვი საგნებით ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოძიების ცნობით, არასრულწლოვანს ასევე არაადამიანურად და დამამცირებლად მოექცნენ.

ამას გარდა, 2025 წელს, ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია კიდევ ერთი არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას, ასევე, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

შსს-ს ცნობით, დაჯგუფების წევრებმა ძალადობის და დამცირების ამსახველი ვიდეო ინტერნეტსივრცეში განთავსების მიზნით მობილური ტელეფონითაც გადაიღეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს, "ნაცისტურ-ფაშისტური" იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა თანამოაზრეებთან ერთად, არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისი ნაცნობი მოტყუებით წაიყვანა თბილისში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს, ასევე, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა განახორციელეს არასრულწლოვანის მიმართ.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ 2025 წელს, ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია კიდევ ერთი არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას, ასევე, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცნობილი ხდება, რომ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, ასევე, ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულის თანამოაზრეებმა მობილური ტელეფონითაც გადაიღეს ინტერნეტსივრცეში განთავსების მიზნით.

სამართალდამცველებმა ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

აღნიშნულ დანაშაულებში მონაწილე პირთა ნაწილი სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით," — წერს უწყება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია და 25-144-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.