სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ლაბორატორიული კვლევის მიზნით ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა.

უწყებამ ბაღებიდან სხვადასხვა ტიპის პროდუქტები — ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი, ხორცი, ხორცპროდუქტები და მარცვლეული — აიღო, რომლებიც ისეთ პარამეტრებზე შემოწმდა, როგორიცაა მძიმე მეტალები, ნიტრატები, საშიში პათოგენები (მათ შორის სალმონელა და შიგელა) და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები.

პარალელურად, თბილისის ბაღებში ბავშვებს შორის ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის გავრცელების გამო, სააგენტომ მასშტაბური შემოწმება დაიწყო. ინსპექტირების ჯგუფებმა 70-მდე ობიექტი (მათ შორის საჯარო ბაღები, რძის საწყობები და ხორცის საწარმოები) შეამოწმეს და ლაბორატორიული ანალიზისთვის სურსათისა და სასმელი წყლის 694 ნიმუში აიღეს, რომელთა პასუხებიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

"საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს განაგრძობს.

ლაბორატორიული კვლევის მიზნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათის ნიმუშები, კერძოდ: ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი), ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი), ასევე მარცვლეული.

ლაბორატორიული შემოწმება ხორციელდება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).

ამ დროისთვის გამოკვლეულია საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ყველა გამოკვლეული ნიმუში სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და უვნებლობის ნორმებს — დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს 70-მდე ობიექტი (საჯარო ბაგა-ბაღები, ხორცის საწარმო, რძის პროდუქტების საწყობი). ლაბორატორიული კვლევისთვის ჯამში აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 694 ნიმუში, რომელთა კვლევის შედეგებიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი", — წერია სეს-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას თბილისის 20 ბაღში 55 აღსაზრდელისა და ერთი აღმზრდელის ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.