"თუ ირანს მოაკლდება ფრენისა და აეროპორტების მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, რეგიონში ამის შესაძლებლობა არც ერთ სხვა ქვეყანას არ ექნება", — ამის შესახებ ირანის რელიგიური ლიდერის მთავარმა მრჩეველმა, მოჰამად მოხბერმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

"ამერიკასთან ერთ ხაზზე დგომა და მტრული პოლიტიკის გატარება ირანული ერის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. რეგიონში ფრენა ან ყველასთვის თავისუფალი უნდა იყოს, ან არავისთვის", — დასძინა მან.

ეს განცხადებები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერაყის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადა, რომ პარასკევიდან ნაჯაფის საერთაშორისო აეროპორტში ირანული ავიაკომპანიების ფრენები სრულად შეჩერდებოდა. ეს გადაწყვეტილება კი აშშ-ის იმ მუქარას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, სანქციები დაწესდება იმ აეროპორტების წინააღმდეგ, რომლებიც ირანულ ავიაკომპანიებს მიიღებენ.

საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენები 21 სექტემბრიდან შეწყდა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა 8 სექტემბერს ირანის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სანქცირებულ კომპანიებს შორის საქართველოს მიმართულებით მოქმედი ავიაკომპანიებიც მოხვდნენ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 10 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების რეჟიმის შესაბამისად იმოქმედებდა. ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ბოლო რეისები 20 სექტემბერს შეასრულეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 27 ირანულ ავიაკომპანიას, მათ შორისაა: Air Shiraz, Asa Jet Airline, Ata Airlines, Atlas Aviation Group, Ava Airlines, Chabahar Airlines, Fly Kish Airlines, Fly Persia Airlines, Iran Air Tour, Iran Aseman Airlines, Kish Airlines, Qeshm Air, Saha Airlines, Sepehran Airlines, Taban Airlines, Toos Airlines, Varesh Airlines და Zagros Airlines.

აქედან 5 კომპანია, საქართველოშიც ასრულებს რეისებს. ესენია: Qeshm Air, Sepehran Airlines, Iran Aseman Airlines, Varesh Airlines და Fly Kish Airlines.