ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
თბილისი მრავალფეროვანია თავისი სეზონებით, ფერების ცვალებადობით, სხვადასხვა ამინდით, სიცივითა თუ სიცხით. თუმცა, თითოეული მათგანი თავისებურად ლამაზი და თვალისთვის დასამახსოვრებელია. ბოლო პერიოდია, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ძველი თბილისის ქუჩებში სეირნობა, ძველი სახლების, ფერადი არქიტექტურის, მოჩუქურთმებული აივნების, ვიტრაჟული ფანჯრების, გამოფენილი ფერადი სარეცხის და მოსარწყავად გამზადებული ყვავილების გადაღება, რომელიც დიასახლისს ფანჯრის რაფაზე გამოუმზეურებია.
ამ სტატიაში მინდა, ჩვენი დედაქალაქის ფოტოამბავი გაგიზიაროთ — ზუსტად ისეთი, როგორსაც მე, ჩემი ობიექტივიდან ვხედავ ხოლმე.
გაზაფხული
ფოტო: მაიკო გაგუა
ბუნების ჰარმონია წელიწადის დროთა მონაცვლეობასა და სიცივისა თუ სითბოს იდეალურ წონასწორობაშია. მაგრამ, მოდი, გამოვტყდეთ, გულის სიღრმეში რამდენ ჩვენგანს უნატრია, რომ სამყაროში მარადიულ გაზაფხულს დაესადგურებინა? ბუნებასთან ერთად თითქოს ჩემი ხასიათიც იღვიძებს და ცოცხლდება. ქუჩებში ყვავილებისა და ბალახის საოცარი სურნელი იფანტება, მზის სხივები კი ნელა, მაგრამ მაინც აღწევს მიწამდე. ზამთრისგან დაცარიელებული ქუჩები ხალხით ივსება და ქალაქში ხმაურიც იმატებს. ძველი თბილისის ქუჩებში ჭიშკრებზე სხვადასხვა ფერის ვარდებია გამოფენილი, რომლებსაც გულგრილად ვერ ჩაუვლი: ვიღაც ფოტოს უღებს, ვიღაც კი უბრალოდ ყნოსავს და ბრუვდება იმ ტკბილი სურნელით, რომელიც მათგან მოდის.
ფოტო: მაიკო გაგუა
ნუში, ატამი, ვაშლი და მათი მრავალფეროვანი იერსახე თბილისს ფერად სამოსში ხვევს. წვიმის სურნელიც მიყვარს, შხაპუნა წვიმის, რომელიც მიწაზე დაცემისას მალევე ორთქლდება და ნამდვილი გაზაფხულის სუნს აყენებს. სიტყვებით გადმოცემა ძნელია, მაგრამ თვალები რომ დახუჭოთ, ამ სურნელს მაშინვე იგრძნობთ და ამოიცნობთ. სულ მინდა, ბუნების ყოველი დეტალი, თითოეული კვირტი და ფოთოლი ფოტოზე აღვბეჭდო, მაგრამ თვალით დაჭერილი სილამაზე ხშირად ობიექტივს მიღმა, მხოლოდ ჩვენს მეხსიერებაში რჩება.
ზაფხული
ფოტო: მაიკო გაგუა
ცხელი, შედარებით დაცარიელებული ქალაქი, მზის სხივებს რომ ძლივს იგერიებს, ბევრს არ უყვარს, თუმცა ამ პერიოდსაც აქვს თავისი დამახასიათებელი სილამაზე. სიმწვანე და სიხასხასე პიკს აღწევს და შემოდგომის ფოთოლცვენისთვის ემზადება. ვერ ვიტყვი, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში ქუჩებში სეირნობა მაინცდამაინც სასიამოვნოა — თითქოს მიწას სიცხისგან ბოლი ასდის და ხურდება. თუმცა საღამო, მზის ჩასვლა და "ოქროს საათი" ძველი თბილისის ხედების ფონზე ძალიან ლამაზი გადასაღებია და არაერთხელ მოხვედრილა ჩემს ობიექტივში.
ფოტო: მაიკო გაგუა
შემოდგომა
თბილისი განსაკუთრებით ლამაზდება შემოდგომის დადგომისას. თბილი, მზის სხივებით გამთბარი ხეები და ფოთლები, მწვანიდან ოქროსფერში გადადის და მთელს ქალაქს ყვითელ ელფერს სძენს.
ფოტო: მაიკო გაგუა
ამ დროს განსაკუთრებული კონტრასტი იქმნება და ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის ახალი კადრების გადასაღებად სასურველი პერიოდია. პატარა რომ ვიყავი და მასწავლებელი შემოდგომის შესახებ ლექსებს გვიკითხავდა, მაშინ ბოლომდე ვერ ვიაზრებდი, რა იყო ასეთი განსაკუთრებული წითელ-ყვითელ ფერებში. ახლა კი ჩემს ობიექტივში შემოდგომის პეიზაჟები ყველაზე ხშირად ხვდება.
ფოტო: მაიკო გაგუა
ზამთარი
არ მიყვარს ზამთარში გადაღება, რადგან ფერები ყოველთვის გაცრეცილი, ცივი და თითქოს უსიცოცხლოა. სიჩუმეა ქუჩებში, რომელსაც მხოლოდ ნაწვიმარ გუბეზე გადავლილი მანქანის საბურავის ხმა არღვევს. დუმილია ფანჯარაში, საიდანაც თავშალში გახვეული მოხუცი ბებო გამვლელებს აკვირდება.
ფოტო: მაიკო გაგუა
დახურული სადარბაზოს კარის წინ მობუზული ძაღლი ზის, რომელიც მეზობლის გამოსვლას ელოდება, რათა შიგნით, სითბოში გაათიოს ღამე. ჩიტები, რომლებსაც სხვის თბილ ქვეყნებს თავიანთი ცივი სამშობლო ურჩევნიათ, ბუდეებიდან საშოვარზე გამოსულან და გზააბნეულები ფრთხიალებენ. ხან წვიმა, ხან თოვლი, ხანაც კიდევ ქარი ისე ბზუის ფანჯრებში, გეგონება, გამთბარ სახლში შემოღწევას ლამობს.
ფოტო: მაიკო გაგუა
წლევანდელმა ზამთარმა ბევრი ფიფქი გვისახსოვრა და თბილისიც გადაათეთრა. დიდი ხანია, დედაქალაქში ასეთი თოვლი არ მოსულა, ალბათ ბავშვობის მერე. მაშინ მიყვარდა კიდეც ზამთარი, ეზოდან ბავშვების ჟრიამული და მხიარული ხმები ისმოდა. წლების მატებასთან ერთად, ეს სეზონი ჩემთვის სევდასთან და ფიქრთან, ჩაისთან, ბუხართან, თბილ საბანში გახვევასა და წიგნის კითხვასთან ასოცირდება.

კომენტარები