საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე კი რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება.

როგორც მან ბათუმის 21-ე საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, მომავალ წელს დასრულდება 7 სკოლის მშენებლობა, ხოლო 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობა და 50 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.

"აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება. აქაც არ ვაპირებთ გაჩერებას. აჭარის რეგიონში უკვე დაწყებულია და მომავალ წელს დასრულდება 7 სკოლის მშენებლობა, ხოლო 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50 სკოლის რეაბილიტაციას ვგეგმავთ. ჩვენი საბოლოო მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ბავშვისთვის იყოს უზრუნველყოფილი ასეთი თანამედროვე სივრცე და გარემო. ეს არის ჩვენი გეგმა, ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება", — განაცხადა პრემიერმა.

სკოლის გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, კობახიძემ ჟურნალისტებთანაც გააკეთა კომენტარი. მას სკოლების მშენებლობის შეფერხებებზე ჰკითხეს, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემების კუთხით ვითარების გამოსწორებისთვის მიღებულ იქნა, მათ შორის ინსტიტუციური გადაწყვეტილებები.

"იყო შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ე.წ. "ესიდა" შექმნილი, რომელიც საერთოდ გავაუქმეთ. ეს ფუნქცია გადავიტანეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ ყველაფერმა მოითხოვა გარკვეული დრო, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი არის მოწესრიგებული, ინსტიტუციური კუთხითაც და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურ ტემპში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის უკვე დაძლეული. ახლა, მაქსიმალურ ტემპში განახლდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია", — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის მტკიცებით, ახლა დაჩქარებული ტემპით იქნება უზრუნველყოფილი, როგორც პროექტირება, ისე სამუშაოები, მშენებლობა, რეაბილიტაცია. "ეს ეხება როგორც სკოლებს, ისე საბავშვო ბაღებს", — დასძინა მან.