კალიფორნიაში მცხოვრები გოლდენ რეტრივერი ინტერნეტის ვარსკვლავად მას შემდეგ იქცა, რაც სახლში შეჭრილ უცხო პირს ყეფის ნაცვლად თამაში შესთავაზა. ცუგამ დაამტკიცა, რომ ზედმეტად მეგობრული ხასიათი აქვს, თუმცა სახლის დაცვა სულაც არ ყოფილა მისი მოწოდება.

ნეში, რომელიც სან-დიეგოში თავის პატრონებთან ერთად ცხოვრობს, სათვალთვალო კამერამ სახლში შეჭრილ უცხოსთან ერთად დააფიქსირა. ცუგას პატრონები შინ არ იყვნენ, როცა მათ სახლში უცხო ადამიანი შეიჭრა. სტეფანი კალდერონმა და დანტე როულიმ ვიდეო ინტერნეტში გაავრცელეს და განაცხადეს, რომ სახლში შეჭრის კადრებს უსაფრთხოების აპლიკაციით ადევნებდნენ თვალს სწორედ მაშინ, როცა თვითმფრინავში სხდებოდნენ.

"წარმოიდგინეთ, თვითმფრინავში ადიხარ და აპლიკაციიდან შეტყობინება მოგდის, რომ ვიღაც შენს სახლში იჭრება", — წერია ვიდეოს აღწერაში, რომელშიც ჩანს, როგორ ახტება კაცი ღობეს და კიბის დახმარებით სახლში მეორე სართულის ფანჯრიდან ძვრება.

ამის შემდეგ კაცი ისე იქცევა, თითქოს საკუთარ სახლში იყოს: წელზემოთ შიშველი, ფეხშიშველი და აშკარად მშიერი, რამდენიმე იოგურტს მიირთმევს, შემდეგ კი ძაღლებისთვის დატოვებულ პლედზე იძინებს.

ამასობაში ნეშიც დაინტერესდა დაუპატიჟებელი სტუმრით: ის უცხო კაცს სათამაშოთი და კუდის ქიცინით შეხვდა, რითაც აშკარად თამაში შესთავაზა. პატრონების თქმით, პოლიცია მათი ზარიდან ადგილზე 5 წუთში მივიდა. კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ ნეში პოლიციელების ანუ ახალი "სტუმრების" დანახვამაც ზუსტად ისევე გააბედნიერა. რაც შეეხება შემოპარულ კაცს, მან სააბაზანოს ფანჯრიდან გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციამ დააკავა.