2026 წლის II კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა — აღნიშნული მონაცემები საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა.

კერძოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 28 147.0 მლნ. ლარს გაუტოლდა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2026 წლის II კვარტალში 3.0 პროცენტით განისაზღვრა.

2026 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.6%),
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8%),
  • ტრანსპორტი და დასაწყობება (19.8%),
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.4%),
  • დამამუშავებელი მრეწველობა (7.3%),
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (15%)


კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • მშენებლობა (-4.8%)
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-3.5%).

"მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.1 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (8.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.5 პროცენტი), მშენებლობა (6.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.4 პროცენტი), განათლება (6.4 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. წლიური გამოკვლევის შედეგები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური გამოკვლევის მონაცემებისგან. შესაბამისად, აუცილებელი ხდება კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტება წლიური გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით.

გასული წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, იმავე წლის ოთხი კვარტალის მაჩვენებლების დაზუსტებასთან ერთად ხორციელდება მიმდინარე წლის პირველი და მეორე კვარტალების მაჩვენებლების გადაანგარიშებაც. 2026 წლის ნოემბერში 2025 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, საბოლოოდ დაზუსტდება 2025 წლის კვარტალური მაჩვენებლები", — განმარტავს საქსტატი.

დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 13 ნოემბერს.